„ცხადად ვგრძნობდი, ამ ადამიანებში შევედი, მაგრამ ისინი მე ვერ მეხებოდნენ“ - როდის ხედავს მარკუს მეტრეველი გარდაცვლილთა სულებს

markus metreveli

მომღერალი მარკუს მეტრეველი ამბობს, რომ გარდაცვლილ ადამიანთან განსაკუთრებული კავშირს გრძნობს. 

როგორც მომღერალი ჰყვება, მან ეს კავშირი 9-10 წლის ასაკიდან იგრძნო.

„ჩემთვის არ არსებობს ადამიანის სიკვდილი. ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს დავდივარ პანაშვიდებზე. იმიტომ, რომ იქ ვხედავ ცოცხალ ენერგიებს და ეს ქაოსში მაგდებს. გარდაცვალება ჩემთვის მხოლოდ ფიზიკური დანაკლისია. მის შემდეგ სრულიად სხვა სამყარო არსებობს, რომელსაც მე ვხედავ. ბებიასთან ყოველდღიური შეხება მაქვს, სულ გვერდით მიდგას.

მისი გარდაცვალებით ჩვენი კონტაქტი არ გაწყვეტილა, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მე ის ძალიან მიყვარდა, ჩემი ცხოვრებიდან წასული ადამიანების ენერგიებს მე ბავშვობიდან ვხედავ. ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელშიც ჩანს, საიდან დაიწყო ჩემი განვითარება ამ მხრივ. დაახლოებით, 9-10 წლის ასაკში ძალიან ეკლესიური ვიყავი. ამის გამო დამცინოდნენ, ვის აინტერესებდა კომუნისტების დროს ეკლესია და რწმენა.

მე საბერძნეთში, კუნძულ ლემნოსზე ცხოვრებისას დავიწყე ეკლესიასთან აქტიური ურთიერთობა და მღვდელს ხშირად ვეკითხებოდი – გარდაცვალებისას ჩვენი სხეული კვდება და ასე მთავრდება ჩვენი არსებობა-მეთქი?! საბერძნეთში ასეთი რიტუალია – ადამიანის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მის ძვლებს საფლავიდან იღებენ, ასუფთავებენ, ყუთში ათავსებენ და საცავში ათავსებენ და საუკუნეების განმავლობაში ინახავენ.

იმ ადგილას კი სხვა ადამიანს კრძალავენ. ერთხელაც, მამაომ სასაფლაოზე ზუსტად იმ დროს მიმიყვანა, როდესაც საფლავს ძვლების ამოსასვენებლად თხრიდნენ. მე გარშემო დავინახე სულები, რომლებიც ამ პროცესს უყურებდნენ.

მაშინ ვკითხე მღვდელს, ეს ამდენი ადამიანი ჩვენ გარშემო ვინ არიან და მათ რატომ ვერ ვეხები-მეთქი? მე მათ ძალიან ცხადად ვგრძნობდი, ამ ადამიანებში შევედი, მაგრამ ისინი მე ვერ მეხებოდნენ.

ვეხებოდი ადამიანებს, რომლებიც საფლავიდან ძვლებს იღებდნენ და ვერ ვეხებოდი დანარჩენებს. მამაომ მითხრა, ეს ადამიანები, რომლებსაც შენ ხედავ და ჩვენ ვერა, არიან სულები და შენს კითხვებზე, დროთა განმავლობაში შენ აუცილებლად მიიღებ პასუხებსო.

იქიდან მოყოლებული, დავიწყე კვლევა-ძიება, სწავლა და ასე მოვედი დღემდე. ზოგს ეცინებოდა, ზოგს, გიჟი ვეგონე, ზოგს, უბრალოდ არ ჰქონდა პასუხი ჩემს კითხვებზე, მაგრამ შევძელი პასუხები მეპოვა“,- ამბობს მარკუს მეტრეველი „სარკესთან“ საუბრისას.