1777408590
ბელგიაში თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის მე-6 ჩემპიონატი ჩატარდა
ბელგიის ქალაქ დე-პანეში თოლიების კივილის იმიტაციის მეექვსე ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად 15 ქვეყნიდან 70-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
კონკურსი ადგილობრივ პაბში გაიმართა. ჩემპიონატის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, „ეყვირათ და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც თოლია“. „ეცადე, რადგან მხოლოდ ერთი შანსი გაქვს“, - ასე მიმართავდნენ კონკურსანტებს ორგანიზატორები თავიანთ ვებგვერდზე.
ბევრი მონაწილე თოლიებით შთაგონებული კოსტიუმით გამოცხადდა, თითოეულ გამოსვლას კი მაყურებლის მოწონების გამომხატველი შეძახილები და აპლოდისმენტები ახლდა. ჟიური გამოსვლებს ორი პარამეტრით აფასებდა: ფრინველის ხმასთან მსგავსებისთვის მაქსიმუმ 15 ქულის მიღება იყო შესაძლებელი, ხოლო არტისტიზმისთვის - კიდევ 5 ქულის.
ტურნირის ორგანიზატორი, კლოდ ვილარტი აცხადებს, რომ კონკურსს უფრო სერიოზული მიზანიც აქვს - ოდნავ მაინც გამოასწოროს თოლიების რეპუტაცია, რომლებსაც ბევრი გამაღიზიანებელ ფრინველებად მიიჩნევს. მისი თქმით, ზღვაზე დასვენება ყოველთვის ასოცირდება არა მხოლოდ ტალღების ხმაურთან, არამედ თოლიების კივილთანაც, ამიტომ მათ მიმართ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.










