„ვიცით, რომ ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ურთულესი მატჩი გველის“ - გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

„ესპანეთის ნაკრებთან თამაშის დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. ვიცით, რომ ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ურთულესი მატჩი გველის.

სექტემბერთან შედარებით, განსხვავებული სიტუაციაა, რადგან „ლივერპულის“ რიგებში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე. მიხარია, რომ სათამაშო დრო მივიღე – თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და მომავალი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ.

იამალის არყოფნა ესპანეთისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მათ მაღალი დონის სხვა მოთამაშეებიც ჰყავთ. ამჟამად მათი რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ყველა პოზიციაზე ძლიერი ალტერნატივები აქვთ. საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ბევრი ვირბინოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და მაქსიმალურად პროდუქტიულები ვიყოთ როგორც დაცვაში, ისე – შეტევაში, რადგან ეს იქნება მარტივი გზა მოსაგებად“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.