1749585187
ტრაგედია ,,ერთა ლიგის" ფინალის დროს

გერმანიაში, მიუნხენში, "ერთა ლიგის" ფინალის დროს, გულშემატკივარი დაიღუპა. ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩის მიმდინარეობისას, მამაკაცი ტრიბუნიდან გადავარდა და, მიღებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, მამაკაცი შუა იარუსიდან ქვედა იარუსზე გადავარდა, შემდეგ კი "ალიანს არენას" მედიაზონის კიბეებზე დაეცა.
მიუნხენის პოლიცია შემთხვევას იძიებს, თუმცა აცხადებენ, რომ "არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მამაკაცის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე მიუთითებს".
უეფა-ს განცხადების თანახმად: "სამედიცინო ჯგუფის ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი, სამწუხაროდ, 00:06 საათზე გარდაიცვალა. ამ რთულ დროს, ჩვენი ფიქრები მისი ახლობლებისკენაა მიმართული".
ცნობისთვის, კვირას, პორტუგალიამ ესპანეთი პენალტების სერიაში 5-3 დაამარცხა მას შემდეგ, რაც თამაში 2-2 დასრულდა.