რომან დოლიძემ ენტონი ერნანდესთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

 რომან დოლიძე

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში გასამართი მორიგი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

10 აგვისტოს ლას ვეგასში 37 წლის სპორტსმენი UFC-ს საშუალო წონით კატეგორიაში ამერიკელ ენტონი ერნანდესს შეხვდება. ეს დაპირისპირება დღის მთავარი ბრძოლაა და, მაქსიმუმ, ხუთი რაუნდი გაგრძელდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დოლიძე სასწორთან პირველი მივიდა და საშუალო დივიზიონისთვის დაშვებული წონა, 84.1 კგ დააფიქსირა.

ქართველის მეტოქე, 31 წლის ენტონი ერნანდესი დაპირისპირებას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 14 გამარჯვებითა და ორი მარცხით ხვდება. რაც შეეხება დოლიძეს, მან 18 ბრძოლიდან 15-ჯერ მოიგო და სამჯერ წააგო.

1TVSPORT