ქართველი მსაჯები უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან

ყუ

უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თელ-ავივის „მაკაბისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია, ხოლო ვიდეორეფერის ასისტენტი – ბაკურ ნინუა. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში 21 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს მსაჯთა სიაში 2010 წლიდან არის. პირველად ევროპის ლიგის მატჩებს 2019/20 წლების სეზონში მოემსახურა. მას ასევე განუსჯია ერთა ლიგისა და ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიც.

ყრუაშვილმა 2021 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიასა და უნგრეთში გაიმართა, ოთხი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის – გერმანია-პორტუგალიის ფინალი (1:0).