ფოთში საერთაშორისო ტურნირი „ფოთი-პრო 2026“ დაიწყო

იჯ

ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე, წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი „ფოთი-პრო 2026“ მიმდინარეობს. ორდღიან შეჯიბრებაში მსოფლიოს 17 ქვეყნის 49 სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირი წყლის თხილამურებისა და ვეიკბორდის საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია. ტურნირის ორგანიზატორია ფოთის ტბის კლუბი, ხოლო პარტნიორი – საქართველოს წყალსათხილამურო ეროვნული ფედერაცია.

შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში იმართება: სლალომში, ფიგურულ სრიალსა და ტრამპლინიდან ხტომაში. ტურნირს ესწრებიან საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.

მალთაყვის ოქროს ტბაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. ტურნირისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრომ შეიძინა უახლესი მოდელის სპეციალური კატარღები Ski Nautique 2025.

ტურნირის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებენ საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი TWBC Broadcast, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ფარავს, და საქართველოს პირველი არხი – სპორტი, რომელიც ამავდროულად ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია.

„ფოთი-პრო 2026“-ის გამარჯვებულები 21 ივლისს გამოვლინდებიან, ხოლო 24 ივლისიდან საქართველო წყალსათხილამურო სპორტში კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას – ევროპის ჩემპიონატს – უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში უკვე მეორედ გაიმართება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასპინძლის.