ყველაფერი, რაც ჯასტინის კონცერტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

 ციცი იაშვილი

23 ივლისს „დინამო არენაზე„ ჩანიშნული ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი ახლოვდება და მელომანების მღელვარებაც უფრო და უფრო იმატებს. კონცერტზე დასწრების მსურველები ინტერნეტში ეძებენ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარებათ, საყვარელი არტისტის გამოსვლას მომზადებულნი შეხვდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი „Starring Georgia-ც“, თავის მხრივ, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს კონცერტზე დასწრების მსურველებთან და დეტალურად უზიარებს მათ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ღონისძიების სტუმრებმა უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთ სტატიაში გავაერთიანოთ ყველაფერი, რაც 23 ივლისის საღამოს შესახებ ცნობილია და სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამისათვის, „პრაიმტაიმი“ „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერს, ციცი იაშვილს დაუკავშირდა.

 

როგორც ციცი იაშვილმა აღნიშნა, პირველყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ კონცერტის დღეს მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად მოვემზადოთ.

„სახლიდან გამოსვლისას არ უნდა დაგვავიწყდეს ამინდის პროგნოზის შემოწმება და კომფორტულად ჩაცმა. გამოსვლამდე წავისვათ დამცავი და წამოვიღოთ ქუდი, სათვალე და ისეთი რამ, რაც მზისგან დაგვიცავს. გარდა ამისა, დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად უნდა მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი,“ — გვირჩევს ციცი იაშვილი.

მისივე თქმით, მაყურებელი ავტომობილით ადგილზე ბოლომდე მისვლას და დაპარკინგებას ვერ შეძლებს, რადგან 07:00-დან სტადიონის მიმდებარე გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლისა და დ. ყიფიანის ქუჩები გადაიკეტება და მოძრაობა ღამის 2 საათამდე შეიზღუდება. სამაგიეროდ, გამოყოფილი იქნება სკუტერები, რომლებსაც დაეთმობა სპეციალური საპარკინგე სივრცე იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ქუჩები იკეტება. გარდა ამისა, გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.

კონცერტს უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი დაესწრება, ამიტომ უსაფრთხოების ნორმებიც მკაცრად იქნება დაცული. „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ღონისძიების სტუმრებს ურჩევს, „დინამო არენაზე“ არა უშუალოდ არტისტის სცენაზე გამოსვლის მომენტში, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე მივიდნენ, რათა თავიდან აიცილონ რიგები და მთელი საღამოთი ისიამოვნონ. კარი 17:00-ზე გაიღება და სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ.

„ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან, ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოვიღოთ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.

აკრძალული ნივთებში შედის საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები. კონცერტის ტერიტორიაზე დაშვებულია პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა და თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ არ წამოვიყვანოთ შინაური ცხოველი, რადგან ასეთი ხმაური მათთვის არ შეიძლება; ვინც ჯგუფად მოდის, რომელიმე წევრის დაკარგვის შემთხვევისთვის, წინასწარ შეთანხმდნენ შეხვედრის წერტილზე და მოძებნონ შესაბამისი ნიშნები. თუ დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად მივმართოთ საინფორმაციო ცენტრს ან მოხალისეებს; ნარჩენები ჩავყაროთ შესაბამის ურნებში, რათა ვიზრუნოთ სისუფთავეზე და ერთად შევქმნათ ეკომეგობრული გარემო,“ — აღნიშნავს ციცი იაშვილი.

ამ ყველაფერთან ერთად, მაყურებლებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ საკონცერტო ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებენ, თუმცა მათ, ვისაც ქეში ექნებათ, დახვდებათ ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ.

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მსოფლიო მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი არტისტი „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.