VIDEO: 27 კაბა, 3-დღიანი ზეიმი და სპეციალურად ქორწილისთვის დახურული ვენეცია - როგორ ჩაიარა ბეზოსისა და სანჩესის საუკუნის ქორწილმა

ბეზოსი და სანჩესი

27 კაბა, 3-დღიანი ზეიმი, კერძო თვითმფრინავები, სპეციალურად ქორწილისთვის დახურული ვენეცია, მაღალი დონის სასტუმროები, მიშელის ვარსკვლავის მქონე რესტორნები, გაძლიერებული დაცვა, მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრებს შორის და ადგილობრივების პროტესტი, - ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსისა და მისი რჩეულის, ლორენ სანჩესის საუკუნის ქორწილია.

Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-ის დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ ცერემონიისთვის სავარაუდოდ 47-56 მილიონ დოლარამდე დახარჯეს.  როგორც გამოცემა CNN წერს, 3-დღიანი ზეიმი 26 ივნისს, მადონა დელ-ორტოს ეკლესიის მიმდებარედ დაიწყო. ჯეფ ბეზოსმა და სანჩესმა სტუმრებისთვის გლამურული წვეულება გამართეს, რომელიც ამინდის გამო მალევე დასრულდა.  ლორენს სკიაპარელის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის ოტ-კუტიურ კოლექციიდან შერჩეული, ყვავილებით გაფორმებული კაბა ეცვა.  BBC-ის ცნობით, ბეზოსმა და სანჩესმა ხელი ამერიკაში, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მოაწერეს და ვენეციაში გამართული წვეულებები მხოლოდ ცერემონიულ ხასიათს ატარებდა.  წყვილმა საქორწინო ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის მიხედვითაც ქორწილამდე შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბეზოსი 244 მილიარდი დოლარის ქონების დაცვას სწორედ ამ ხელშეკრულებით აპირებს.

ქორწილის მთავარი ცერემონია 27 ივნისს - სან-ჯორჯო მაჯორეს კუნძულზე გაიმართა.  როგორც გამოცემა „ფიფოლი“ წერს,  ღონისძიებას მუსიკალურად ანდრეა ბოჩელის ვაჟი, მატეო ბოჩელი აფორმებდა.  სანჩესმა არჩევანი დოლჩე და გაბანას საქორწილო კაბაზე შეაჩერა.  როგორც პატარძალმა განაცხადა,  მისი შექმნის ინსპირაცია სოფი ლორენის კაბა გახდა, რომელიც მსახიობს 1958 წელს ფილმში, სახელწოდებით „houseboat” ეცვა.  ჯერჯერობით კაბის რეალური ღირებულება უცნობია.  გამოცემა „ჰარპერს ბაზარის“ ინფორმაციით, სანჩესის საქორწინო სამოსს 900 საათის განმავლობაში ხელით ქმნიდნენ.  საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სანჩესის ბეჭდებმაც. პატარძალს 20 და 45 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა, რომლის ღირებულებაც 2-4 მილიონ დოლარამდე მერყეობს.