ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით მილიონ დოლარზე მეტი იზარალეს

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის პოპვარსკვლავის ათასობით ბრიტანელმა ფანმა, როგორც აღმოჩნდა, ყალბი ბილეთები შეიძინა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, ლოიდს ბანკის ცნობით, თაღლითობის მსხვერპლი მათი 600-ზე მეტი მომხმარებელი გახდა; თითოეულმა, საშუალოდ, 334 გირვანქა სტერლინგი, ზოგმა კი 1 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იზარალა. რადგან ეს მონაცემი მხოლოდ ბანკის ბაზას ემყარება, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყალბი ბილეთები, სულ მცირე, 3 000-მა ადამიანმა შეიძინა, მათი ზარალი კი ჯამურად მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.

სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, შარშან მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კი დასრულებულა, ის ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა; ამასთან, ისტორიაში პირველი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.

ტურნეს ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ 15 კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ კონცერტზე დასწრების მსურველებმა შეიძლება გადამყიდველებს მიაკითხონ. თაღლითობის საკითხზე მომუშავე ექსპერტები კი ფანებს ურჩევენ, მოერიდონ უცხო ადამიანისთვის თანხის წინასწარ გადარიცხვას და ბილეთი მხოლოდ ავტორიზებულ პლატფორმებზე შეიძინონ.

ასოციაცია UK Finance-ის ცნობით, შესყიდვასთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად, ბრიტანელებმა მხოლოდ გასულ წლის ნახევარში $50 მილიონამდე იზარალეს. ფართოდ გავრცელებული შემთხვევების გამო, ევროპის უდიდესმა ბანკმა, HSBC-მა, მომხმარებლებს ასევე მოუწოდა, ბილეთები მხოლოდ ოფიციალური გამყიდველებისგან ან სალაროებში შეიძინონ.

„თაღლითები, როგორც წესი, ოფიციალურ გამყიდველად გაგეცნობიან სოციალურ ქსელში ან ონლაინმაღაზიაში. გეტყვიან, რომ ბილეთს მეილზე გამოგიგზავნიან ფულის გადარიცხვის შემდეგ. თუმცა, როცა მეილზე არაფერი დაგხვდებათ და მათთან დაკავშირებას შეეცდებით, ისინი თვალსა და ხელს შუა გაქრებიან", - ნათქვამია HSBC-ის გაფრთხილებაში.