როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს დღეს „ჩიორას“ გმირი - სინჯებზე, ჩემზე ბევრად ცნობილი მსახიობები იყვნენ, მაგრამ ასაკის გამო დაიწუნეს

ფილმი ჩიორა

რუსთაველის თეატრის მსახიობი თენგიზ გიორგაძე, ქართული ფილმის „ჩიორას“ ერთ-ერთი გმირია. 1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი.

თენგიზ გიორგაძე 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია როლები: კოტე („ხანუმა”), კუკური დიხამინჯია („ძველი სამრეკლო“), სასიძო („სისხლიანი ქორწილი“), ფრედი („საშობაო სიზმარი“), ედგარი („მეფე ლირი“), ბენკო („მაკბეტი“), ბაკური („წათეს წითელი წაღები“), გრიშა (მოხუცი ჯამბაზები) და სხვ.

ფილმის „ჩიორა“ სიუჟეტში - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მარი და ნიკა დაქორწინებას გადაწყვეტენ და მშობლებისგან მალულად, ზღვისპირა ქალაქში გაემგზავრებიან.

თუმცა, იქ არავინ ხვდებათ, ფულიც არასაკმარისი აქვთ და ქუჩაში აღმოჩნდებიან, სადაც გაიცნობენ, ასევე მოხეტიალე და მოხერხებულ ჩიორას, რომელიც მათ დახმარებას მოინდომებს.

ყველასათვის საყვარელი ფილმის „ჩიორას“ გმირი ნიკა (თენგიზ გიორგაძე), პირად ცხოვრებაზე და ფილმის გადაღებების, აქამდე უცნობ ისტორიებზე, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრება:

იმ პერიოდში დავიბადე, როცა თეთრი პური, ნანახიც არ გვქონდა. ტელევიზორი ჩვენ თვალწინ გაჩნდა, არსებობდა, მხოლოდ რადიო. ტელევიზორში მსახიობებს რომ ვუყურებდი, სულ მაინტერესებდა მათი ცხოვრება.

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენ შესახებ...

ვამაყობ, რომ ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე, მამა, სოფელ მეორე სვირიდან იყო და ხშირად დავდიოდი  სოფეში. დედა, პირველი სვირიდან სულაქველიძის ქალი, ასე რომ ნაღდი სვირელი ვარ (იცინის).

მსახიობები, მხოლოდ ტელევიზორიდან მყავდა ნანახი და ძალიან მაინტერესებდა მათი ცხოვრება და მოღვაწეობა. სწორედ, ეს იყო მიზეზი, მსახიობი გავმხდარიყავი.

სკოლაში( ზესტაფონის №1 საშუალო სკოლა) რომ დავდიოდი, თუ ყურადღებით არ იყავი, შეიძლება ფეხი მოგეტეხა, ჭიშკარს და ფიცარს შორის, ისეთი დაშორება იყო.

ზესტაფონში დავამთავრე საშუალო სკოლა, მაგრამ გამოცდები, კომაროვის სკოლის ფილიალში ჩავაბარე - სკოლის ატესტატი კომაროვის მაქვს.

ტექნიკური საგნებში წარმატებები მქონდა, მაგრამ პროფესია, მსახიობობა ავირჩიე. დღემდე მიყვარს სახლში მუშაობა. უამრავი ხელნაკეთი ნამუშევრები მაქვს. რაც კი შეიძლება, რომ ადამიანმა საკუთარი ხელით გააკეთოს, ყველაფრის ნიჭი მაქვს.

ძერწვა, ხატვა, ჭედურობა, მშენებლობა, ყველაფერს ვახერხებ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, დამებადა სურვილი, ჩემი შვილიც პერიფერიაში გამეზარდა. მე და ჩემმა მეუღლემ, თბილისთან ახლოს სოფელ კრწანისში შევიძინეთ აგარაკი და სუფთა გარემოში გადავედით საცხოვრებლად, არ გვინდოდა ასფალტზე გაგვეზარდა.

ახლა კი ცხოვრობს ვაკეში, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფრის კეთება იცის. ჩემი წინაპრებიც, თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდნენ, მაგრამ კომუნისტების დროს ჩამოგვართვეს სახლი და ზესტაფონში გადავიდნენ საცხოვრებლად.

მოკლედ, ეს ფეროს კვამლში გაზრდილი კაცი, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, ზოგჯერ კი ვზარმაცობდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ჩემი გეგმების განხორციელება.

- კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით? რაზე გწყდებათ გული...

სხვათა შორის, არაფერზე, რა პროფესიაც დამაინტერესებს, იმის გაკეთებას ყოველთვის ვახერხებ, როცა მინდა მშენებელი ვარ, მინდა სხვა საქმით დავკავდები.

მსახიობობა, არაფერში არ მიშლიდა ხელს. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ რუსთაველის სახელობის თეატრში აღმოვჩნდი, სადაც ბუმბერაზი მსახიობების გვერდით მომიწია მუშაობა.

1978 წლიდან რუსთაველის დასში ვარ. გავიდა დრო და ამ ლეგენდარული მსახიობების პარტნიორი აღმოვჩნდი. თითქმის ყველა ვარსკვლავი, ჩემ პერიოდში გარდაიცვალა. ჩემი გულის ტკივილი, ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებით დაიწყო და კახიმ დაასრულა.

ყველასთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებდა. რობერტ სტურუას სკოლა მაქვს გავლილი, მონაწილეობა მაქვს მიღებული ქართული თეატრის რეფორმაში, ჯერჯერობით, ისევ რუსთაველის მსახიობი ვარ.

რუსთაველის თეატრმა, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში - უცებ აღმოვჩნდი საოცარი, ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით. ეს ის აღმავლობის პერიოდია, როცა სტურუა, კოსმოსურ ხომალდში იჯდა და პირდაპირ მთვარეზე მიფრინავდა.

ძალიან გამიმართლა, ურთულესი იყო რუსთაველში მოხვედრა და ამ დროს, ეს სვირელი ბიჭი, აღმოვჩნდი ვარსკვლავების გარემოცვაში და დავიწყე, მთელი მსოფლიოს ირგვლივ, მათთან ერთად მოგზაურობა.

ეს იყო შოკისმომგვრელი - ამერიკა, მექსიკა, არგენტინა, თითქმის ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, როცა იმ პერიოდში, საქართველოდან, რამდენიმე კაცი იყო ნამყოფი.

სამსახიობო ფაკულტეტის (რობერტ სტურუას ჯგუფი) გარდა, სარეჟისორო (გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფი) დავამთავრე. რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო ფილმი მაქვს გადაღებული, სერიოზული არაფერი. ვერც მოვახერხე და რომ არ მოგატყუოთ, არც დიდი სურვილი გამჩენია.

- რომელ როლს გამოარჩევდით?

უდიდესი წარმატება მომიტანა კოტეს როლმა, სპექტაკლიდან - „ხანუმა“. ძალიან დიდი სიახლე შევიტანე - ახალი, თანამედროვე კოტეს სახე შევქმენი.

ძველმოდური კოტე არ ვიყავი, ბ-ნ რობერტსაც უნდოდა, რომ სიახლე შემოეტანა. ქეთოს როლს - ნათია კავსაძე თამაშობდა.

- გარეგნობაც ხელს გიწყობდათ...

აბა რა! „სვირული“ გარეგნობა მქონდა, მაღალი, ლამაზი ბიჭი ვიყავი (იცინის). კოტე, ჩემი პირველი მთავარი როლი იყო. ამ როლს მოჰყვა - ედგარი (სპექტაკლიდან „მეფე ლირი“), რომელმაც ასევე დიდი პოპულარობა მომიტანა.

- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ფილმში „ჩიორა“...

27 წლის ასაკში, უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი . ფილმში „ჩიორა“ 19 წლის ბიჭს ვთამაშობ, ასაკი არ მეტყობოდა და ამიტომ ამირჩიეს. ჯიშად მაქვს, არც მამას ეტყობოდა ასაკი და არც ჩემ შვილს. ახალგაზრდულმა გამომეტყველებამაც მიშველა.

სინჯებზე, ჩემზე ბევრად ცნობილი მსახიობები იყვნენ, მაგრამ ასაკის გამო დაიწუნეს. მათ შორის -  ლევან უჩანეიშვილი, ზურა ყიფშიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, და კიდევ ბევრი.

მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი პარტნიორები ჩიორა და მარი, სრულიად შემთხვევით იპოვეს. ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი), ფარაჯანოვთან იყო მიწვეული სინჯებზე და შემთხვევით აღმოაჩინა რეჟისორმა. ნიკას როლზე, ლევან უჩანეიშვილი მოიაზრებოდა, ამ შემთხვევაში, მე ჩიორა უნდა მეთამაშა... განაგრძეთ კითხვა