წყალი 9 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1752778869
ჰარი პოტერის ვარსკვლავს საგზაო წესების დარღვევის გამო ავტომობილის მართვა დროებით აეკრძალა. ინგლისელი მსახიობი ემა უოტსონი, რომელსაც მსოფლიოში ჰერმიონ გრეინჯერის როლით იცნობენ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულებითაც დაჯარიმდა — ამ კონკრეტულ დარღვევამდე კი კინოვარსკვლავს უკვე 9 საჯარიმო ქულა ჰქონდა მართვის მოწმობაზე (ბრიტანეთში საგზაო წესების დარღვევები სხვადასხვა ქულით ფასდება და თუ სამი წლის განმავლობაში 12 ან მეტი საჯარიმო ქულა მოგიგროვდა, მანქანის ტარება გარკვეული დროით გეკრძალება).
უოტსონი ამჟამად აკადემიური საქმიანობითაა დაკავებული — იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. სწორედ ოქსფორდში მოხდა დარღვევა, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, გასული წლის 31 ივლისს — ჰარი პოტერის დაბადების დღეზე.
სასამართლო პროცესს, სადაც მსახიობი 1 044 გირვანქა სტერლინგითაც დააჯარიმეს, თავად უოტსონი არ დასწრებია. თუმცა, ამავე დღეს, ამავე დარღვევის გამო, იდენტური სასჯელი მისცეს ჰარი პოტერის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ზოი უონამეიკერს, რომელმაც ფილმებში ცოცხით ფრენის მასწავლებელი და ქვიდიჩის მსაჯი მადამ ჰუჩი განასახიერა.
რაც შეეხება უოტსონს, მას სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს აღებული. ამ დროისთვის ბოლო როლი ემამ გრეტა გერვიგის 2019 წლის ფილმში პატარა ქალები შეასრულა. 2023 წელს უოტსონმა თავის ძმასთან ერთად ჯინის ბრენდიც დააფუძნა.
უოტსონის "მემკვიდრე" კი ჰარი პოტერის ახალ ეკრანიზაციაში არაბელა სტენტონია — პატარა მსახიობი HBO-ის მომავალ სერიალში ჰერმიონ გრეინჯერს ითამაშებს. სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია, მის პრემიერას კი 2026 წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.