„ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს“ – რას ჰყვება მოსკოვში მომხდარი ტერაქტისას მოკლული ქართველის და

ტერაქტი მოსკოვში

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და, ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო ჰოლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ISIS-ის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

როგორც გარდაცვლილების ოჯახის წევრმა აღნიშნა, ქალს [მის დას] ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი, მკლავში გამჭოლი ჭრილობა, ფილტვები დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა.

ნინო მამისაშვილის თქმით, ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. 

„ამბობენ, რომ მილიონი ჰქონდა მიღებული თითოეულს და ჰქონდათ დავალება, რომ ადამიანები დაეხოცათ. მეც მინდოდა წასვლა დის დაკრძალვაზე, მაგრამ ტერაქტების სერიაა კიდევ მოსალოდნელი, რასაც ვიგებთ, პრესაშიც ვრცელდება, ამერიკა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ტერიტორია, ამიტომ თავს ვიკავებ.

თუ ისინი უნდა მოერიდონ, ალბათ ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ. მინიმუმ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა ძალიან სასტიკი განაჩენია. სამუდამო პატიმრობა ღირსეული სასჯელი იქნებოდა მათთვის“. – აღნიშნა ნინო მამისაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ და მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.