მედია: ესტონეთში ტახებში შავი ჭირი ვრცელდება, მონადირეები რაც შეიძლება მეტ გარეულ ღორს კლავენ, თუმცა ხორცის შენახვის პრობლემას აწყდებიან

ტახებში შავი ჭირი ვრცელდება

გარეულ ღორზე აქტიური ნადირობის აუცილებლობის გათვალისწინებით, მონადირეები პრობლემის წინაშე დგანან: ხორცის შესანახი ადგილი აღარ დარჩა. სტატიას ამ შინაარსით ესტონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობა გეგმავს გარეული ღორის ხორცის დაკონსერვებას და უკრაინაში გაგზავნას.

ესტონეთში ტახებში შავი ჭირი ვრცელდება, რაც მათი დიდი რაოდენობით არის გამოწვეული. მონადირეები ამბობენ, რომ ისინი რაც შეიძლება მეტ გარეულ ღორს კლავენ, თუმცა ხორცის შენახვის პრობლემას აწყდებიან. ამის გამო ესტონეთის მონადირეთა საზოგადოება თვლის, რომ საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

„რადგან ესტონელი მონადირეები არ არიან მიჩვეულები უბრალოდ მოკლან ცხოველი, ჩვენ ნედლ ხორცთან, რომელმაც შემოწმება გაიარა და რომელშიც ვირუსი არ აღმოჩნდა, მოპყრობის წესს უნდა გადავხედოთ. ახლა ჩვენ ტახის ნედლი ხორცის გაყიდვა აკრძალული გვაქვს, მისი გაყიდვა ხორცის გადამმუშავებელ ქარხნებსაც აკრძალული აქვთ, მიუხედავად იმისა, შემოწმებულია ის, თუ არა და აღმოჩენილია, თუ არა მასში ვირუსი. ეს წესი ევროპიდან შემოვიდა, და ჩვენ მას უნდა გადავხედოთ და გამონაკლისი დავუშვათ“, - განაცხადა ესტონეთის მონადირეთა საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ტინის კორტსმა.

როგორც ესტონური მედია წერს, თერმულად დამუშავებული ხორცის გაყიდვა დაშვებულია, თუმცა მყიდველი ნაკლებია. ხორცის გადამმუშავებელ კომპანიებში რანაროოტსი და ლინამაეში აცხადებენ, რომ ტახის ხორცი მოთხოვნას აჭარბებს.

ლინამაეს ხორცკომბინატში აცხადებენ, რომ მათ აქვთ სიმძლავრეები, რათა ხორცის კონსერვები აწარმოონ და შემდეგ ესტონეთის თავდაცვის ძალებს გადასცენ. ესტონეთის რეგიონულ საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჰენდრიკ იოჰანეს ტერასის თქმით, სახელმწიფო ხორცის კონსერვების შესყიდვას მართლაც აპირებს, მაგრამ არა ესტონეთის რეზერვების შესავსებად, არამედ უკრაინისთვის გადასაცემად.