1766172516
EasyJet-ის რეისზე ეტლში მყოფი 89 წლის ქალი გარდაცვლილი აღმოჩნდა - ოჯახმა ეკიპაჟს მოატყუა, რომ მოხუცი დაღლილია და ჩაეძინა
ბრიტანეთის მოქალაქე, 89 წლის ქალი, ესპანეთიდან ლონდონის მიმართულებით easyJet-ის რეისზე ეტლით აიყვანეს მაშინ, როცა, მგზავრების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინციდენტის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი თვითმფრინავში მისმა ხუთმა ნათესავმა შშმ პირის ეტლით აიყვანა. თვითმფრინავის უკანა ნაწილში მდებარე ადგილებამდე მიიყვანეს და სავარძელში გადასვეს. მანამდე, ბორტზე ასვლისას თანამშრომელმა კითხვა დასვა ქალის ჯანმრთელობის შესახებ. ოჯახის წევრებმა კი უპასუხეს, რომ ქალი შეუძლოდ იყო და უბრალოდ ჩაეძინა.
ერთ-ერთი თვითმხილველი ასევე ამბობს, რომ ოჯახის წევრებიდან ერთმა თანამშრომელს უთხრა:
„ყველაფერი რიგზეა, ექიმები ვართ“.
როგორც გამოცემა წერს, თვითმფრინავი უკვე ბილიკზე მოძრაობდა და აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც ეკიპაჟმა საეჭვო ვითარება შენიშნა.
ცოტა ხანში დადგინდა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო. ამის შემდეგ თვითმფრინავი გაჩერდა და რეისი გაუქმდა.
ინციდენტის გამო ფრენა 12 საათით გადაიდო.
easyJet-ის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განცხადება გააკეთეს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ქალს ჰქონდა „ფრენისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ცნობა“ და ბორტზე ასვლის მომენტში ცოცხალი იყო.












