ვასილ მაღლაფერიძე

პოლიტიკა 9:44

ვასილ მაღლაფერიძემ დროებით საგამოძიებო კომისიას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებულ თათბირზე გაკეთებული აღწერა გააცნო, რომელიც კომისიის დასკვნას ოფიციალურ დოკუმენტად დაერთვება

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების გუბერნატორებთან თათბირზე გაკეთებული აღწერა გააცნო."2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვიტე, ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსწრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის ოცდაოთხი საათია, განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ მიმაჩნია, ვალდებული ვარ, სხვასაც მივცე ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. მხოლოდ ფაქტი. გუშინ, 4 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო ოთხნიშნა ნომრიდან. ქალბატონმა მითხრა, ელაპარაკეთ შს მინისტრის თანაშემწესო. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა, გვარ-სახელი არ მახსოვს, პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზრდილობიანად მაცნობა, დღეს, საღამოს 9 საათზე, მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებთო? დავეთანხმე. დავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, მოსულიყო 20:15 წუთზე, ვიფიქრე, მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალა ხელი, თუმცა, უპრობლემოდ მივედი და დაახლოებით ნახევარი საათი შსს-ს შენობის პირდაპირ, გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდა, შევედი შენობაში. ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი(?) კითხვის ნიშანი მიწერია, რადგან იქ ამბობდნენ და მე ჩავთვალე, რომ ამირან მესხელია. არ ვიცნობდი მას. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეგ არის. (ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი), რომლის თანამდებობაც არ ვიცი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მეორედ ვნახე და გვარი არ მახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი. ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო ვიღაცამ თქვა, საცაა, მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, – იხუმრა ვიღაცამ. ეგ აუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო (გარკვეული პერიოდის წინ, ივლის-აგვისტოში, მიხოზე საუბრები მიდიოდა და, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ შეიძლება, ოქრუაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო, როგორც ამბობენ, ერთ პერიოდში ჩიჩქნა). მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა. მელიქიშვილმა თქვა, გია ნაცვლიშვილმა (კახეთის გუბერნატორი) დამირეკა, სართიჭალას გამოვცდიო. კირკიტაძე ეხუმრა, შენ რას გირეკავს, ვიზას ხომ არ გთხოვს შენს ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკომ საიდანღაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ-იქით იქნევდა და, როგორც ყოველთვის, ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა, დადე, ეგ ხმალი ხომ არ გგონია, ხარაკირის ხანჯალიაო. მაშინ სიცილით ჩემკენ გამოაცურა მაგიდაზე, მაშინ ეს ვასიკოსთვის დამითმიაო, ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი-სამი კვირის წინ მწვავე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა…ვანომ გაიცინა, მართალი არ გეგონოს, არ შეშინდეო. არც მეშინია, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც მთავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდენს აქვს ხარაკირი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი-მეთქი, ვეხუმრე მეც.ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, ოტიაშვილთან (თუ უტიაშვილთან – კარგად ვერ გავიგე) გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა, ნუ არღვევ ადამიანის უფლებებსო და სვიტრს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. მერე მართლაც იპოვა სავარძელზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მიფიქრია, დღეს შთაბეჭდილება მრჩება, წინასწარ შეთანხმებული იყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ვანომ კიდევ იხუმრასავით (საერთოდ, მთელი თათბირი სულ სიცილ-ხითხითით მიმდინარეობდა. ოღონდ მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღიმებოდა), კიდევ ვინმე ხომ არ არის ზედმეტიო, მერე გოკას შეხედა და – აი, კიდევ ერთი ზედმეტი, მაგრამ რადგან დარჩი, იყავიო. ახლა, ამ ეპიზოდს რომ ვიხსენებ, მგონია, გოკა ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა, რათა უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათმანებით დარჩენილიყო.ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გვითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში, ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმედ ყოფნა არაფერში სჭირდებოდა. თუმცა, ეს ფიქრი შემდგომ გამიჩნდა, მაშინ კი სხვა რამ მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთად შეგვხვედროდა გუბერნატორებს, მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო.ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან რომ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვანების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი უცნაური ჩანდა. ზოგადად, ვვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე პიარკამპანიით გადაფარვაზე…დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა!) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო… – ეს ნაძირალები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად, ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!).– მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი, მერე გეტყვით, რას ვფიქრობ, – ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემს იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: „დავიჭიროთ! დედა მოვუ..ნათ!“). -„მოკლედ, ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად, თირკმელებში, მუცელში. ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან“. ჩემგან მარჯვნიდან, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან ისმის სიცილნარევი რეპლიკა: „განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!“ ვანომ განაგრძო: – „განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ – განსაკუთრებულში, ასეთებიც ბევრი ვიცით (იცინის!). ვინც ცოტა მოშავოა“ ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და – ბაჩოსთან! გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ, – საკუთარ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა. შემდეგ გააგრძელა, ცემა აუცილებელია, იმიტომ, რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას“.– ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდოდათ ჩხოროწყუს გამგებლის გალახვა და არ დავანებეთ, – წამოიძახა გოროზიამ.– არ დაანებე კი არა, ისა! თუ რამის თავი გქონდა, ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან. გოროზიამ ჩაიბურდღუნა რაღაც და გაჩუმდა.გოგა ხაჩიძემ ითხოვა, რაღაცის თქმა მინდაო. ვანომ, გისმენთო.– ბევრი ვიფიქრე შექმნილ ვითარებაზე და მგონი, არ იქნება ცუდი, თუ გავუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება, ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევს“. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა: – „არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია ამ ბოზების ბოლომდე ჩატ…აზე. შექმნით ჯგუფებს. პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ორი საქმე კეთდება: ბოზები იტ……ან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ, კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ – ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ – მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის). ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით? ჩემთან გვყავდა და მივხედეთ, ყველაფერი წესრიგშია. უპასუხა ახალაიამ. აი, ასეა ხვებთანაც.  ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენს მერე მოვ….ავთ დედებს.ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ, ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი… ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე – ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს – ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე. დედებს მოვ…..ვთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ, როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გავუნახევრებთ, იმათ შევყრით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი „დვურუშნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისეთი დადე, ხელით ვერ გაწიონ, თან ორმოცდაათ ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა“. მერე ისევ სიცილით გააგრძელა: „- სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებიც, გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ გვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაქვთ და ფუნქციაც, გამოიყენეთ. რა დრო დაგვიდგა, კაკო, შენი დახმარება რომ გვჭირდება?“„კაკო სიტყვის მასალად თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი იყო. „- ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისს ჩვენ მივხედავთ.შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც. მაგიდასთან არ მოსულა, ვანოს მაგიდასთან იჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა გია ნაცვლიშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შენი გულისთვის თავიდან ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო. წამოვედით. დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცვლიშვილი… შეიძლება სხვა ვინმეც. ვასილ მაღლაფერიძე, 2007 წლის 5 ნოემბერი“.როგორც ვასილ მაღლაფერიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ეს ძალიან მალე თარგმნეს ინგლისურად და მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენა.„იმ ქალბატონის მხრიდან, ვინც ეს ტექსტი თარგმნა, იყო გმირობა. სოზარმა ჩააყენა საქმის კურსში ვატიკანის ელჩი, რომელიც ძალიან კარგი კაცი იყო. პირადად მან მითხრა, ყველაფერს ვიზამ და გვერდით დაგიდგებიო, ასევე თომას ჰამერბერგი, პიტერ სემნები, ამერიკის ელჩი. ამ წერილებს ვაძლევდით. ერთ-ერთ ელჩს ინგლისურად ნათარგმნს ვაწვდი. ყველამ გამომართვა, ერთ-ერთ ელჩს რომ გავუწოდე, ხელები უკან წაიღო. ეს ჩემთვის არის კინოკადრი. მას არ უნდოდა აეღო – აი, რომ არ გინდა, რაღაც გაიგონო. რომ მოისმინა, ამ ამბავმაც კი დატანჯა, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელი იყო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა: „რომელ წელს შეხვდით ელჩს, ხელები რომ უკან წაიღო და ვინ იყო?, რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა:„ალბათ 2008 წლის თებერვალი იყო, რომ ვთარგმნეთ. გამიჭირდება დაკონკრეტება, ვინ იყო. ან ამერიკის ელჩი იყო, ან პიტერ სემნები“.თეა წულუკიანმა ვასილ მაღლაფერიძეს ასევე მიმართა, თათბირთან დაკავშირებით რაც წაიკითხა, კომისიას დაუტოვოს, რომ დასკვნის შედგენისას გამოიყენონ.

დიმიტრი სანაკოევი

პოლიტიკა 27 მაი 8:07

დიმიტრი სანაკოევი აგვისტოს ომის მოვლენებზე: [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა, უბრალოდ, იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო. გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში დიმიტრი სანაკოევი საუბრობს.კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ სად ნახა მერაბიშვილი გორში, სანაკოევმა განაცხადა, რომ „სადღაც სამხედრო ნაწილის შტაბში იყო“.მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. „[მასთან ერთად] ორივე მინისტრი იყო- შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მათ გარშემო იყვნენ ოფიცრები, გენერლები, ხალხი, თბილისიდან ჩამოსული. [კეზერაშვილთან] კავშირიც არ მქონდა. უბრალოდ იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო. მშვიდი არ იყო. გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ, უჭირდათ“.- განაცხადა სანაკოევმა.

სოფო ნიკოლაიშვილი

პოლიტიკა 23 მაი 8:59

„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა და იხეირა კიდეც ასეთი შეთავაზებით. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ამ პირობებში მომავალი არ გვქონდა

უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრაზე და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლაიშვილის შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ ბრძანეთ, რომ ძალადობრივი განწყობის ჩანერგვა სცადეს, როცა ჟურნალისტებს უბრძანეს, რომ კედელთან დამდგარიყვნენ. შემდეგ იყო მუქარები, ზოგს ფული შესთავაზეს, ზოგს ოჯახის წევრის განადგურებით ემუქრებოდნენ. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ამგვარი [შემოთავაზება] რა იყო თქვენი პასუხი და როგორ გააგრძელეთ შემდეგ მუშაობა?“სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც კრედიტის დაფარვა, ასევე, სხვა სამსახურის ვარიანტები შესთავაზა.„ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და მე და ჩემ მეუღლეს კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზა, ასევე სამსახურის რამდენიმე ვერსია. ყველანი ვაცნობიერებდით რაღაც მომენტში რომ ამ პირობებში რეალურად მომავალი არ გვქონდა. რა თქმა უნდა კატეგორიული უარი განვაცხადეთ კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე ვუთხარი, რომ ვიფიქრებ-თქო, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შევძელი ცხადია და დავრჩი იმედში. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, სხვამ - სხვა გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.თეა წულუკიანის კითხვაზე - თქვენთვის როგორ არის ცნობილი, ყველა მუქარის გამო შეშინდა და წავიდა თუ იყვნენ ჟურნალისტები, ვისზეც გაჭრა მაგალითად კრედიტის დაფარვის შეთავაზებამ? - ნიკოლაიშვილმა ასე უპასუხა:„იცით, არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი. ეს იყო ისეთი რთული პროცესი, იქ ადამიანები ერთმანეთს არ უყვებოდნენ ვინ მოდიდოდა და ვინ მოდიოდა. შიშის ფაქტორიც იყო, სინდისის ქენჯნაც… [იყო კითხვები] - ხომ არ წახვალ, ხომ იქნები, - არა არა სად წავალ და მეორე დღეს დაინახავდი, რომ მიჰყავს რაღაცა საინფორმაციო [სხვა არხზე] ანუ, ერთმანეთში ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა. ეს არ იყოს ღია პროცესი. პირადად ჩემთანაც ჰქონდათ ამაზე კომუნიკაცია“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.მორიგ კითხვაზე - ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მას დაუკავშირდა კონკრეტული შეთავაზებებით, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ის იყო შუამავალი მასა და ხელისუფლებას შორის.„ასე ვთქვათ, ის იყო გამოგზავნილი ინსტრუმენტი, რომელმაც ეს წინადადება მოიტანა ჩემამდე. ცხადია ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც ვისთან მიესვლებოდა, ცხადია პირადად სააკაშვილი და მერაბიშვილი არ აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა კიდეც, იხეირა კიდეც, თუმცა იმდენად რთული და მძიმე სიტუაცია იყო რომ აქ ან გქონდა მომავალი, ან იყავი მტერი და საერთოდ გქონდა მომავალი.ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.შემდეგ ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური ტანჯვა ერქვა ამ ყველაფერს. არეულ იყო ტყუილ-მართალია ერთმანეთში იმ პერიოდში. შემდეგ იმედის შენარჩუნებაზე იყო ბრძოლა, რომ ვითომ თანამშრომლებზე გადაფორმდებოდა წილი, თუმცა არაფერი არ გამოვიდა. ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერების შემდეგ წარმოუდგენელი გახდა მუშაობა, იმიტომ რომ რესპონდენტებიც არ მოდიოდნენ, იმედი დაიხურა და შემდეგ იყო ის, რომ მე 6 წელი არ ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში საერთოდ.ნახეთ როგორი თანმიმდევრობით მოხდა ეს ყველაფერი: ფიზიკური ძალადობა, შემდეგ ფსიქოლოგიური - მე შემიძლია ერთ დღეში გაგანადგურო ყველა კანონის დარღვევით. სააკაშვილმა მეორე დღეს დემოკრატიის დაცვა უწოდა იმედში შემოჭრას. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია როგორი განსასაზღვრი იყო შენი ბედი, როგორც ჟურნალისტის. უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო იყო და შემდეგ გაფეიკება და გაყალბება ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილი

პოლიტიკა 22 მაი 7:19

დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო - „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო რედისონის წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.„2004 წელს გადატრიალების შემდეგ მე ბიზნეს საქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან ელდარ მილდიანთან ერთად.2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით.მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი თქვენ ხომ გვიცნობთ ჩვენ ვინ ვართ. დღეს ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენ დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო რედისონის წინა ეზოს. ტყესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა "ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო".„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგანაც ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი. რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ იმაში გაეცვალათ.ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ ლეჩკომბინატში. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ რასაც უნდა აკეთებდნენ“,-განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 20 მაი 14:43

ცრუპენტელა „ნაცები“ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, სათქმელი არაფერი აქვთ - არჩილ გორდულაძე

ცრუპენტელა „ნაცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ, კეთილი ინებონ, კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ. კარგად იციან, რას ჩადიოდნენ, ამიტომ იძულებული არიან, პოლიტიკას შეაფარონ თავი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.მისი თქმით, კანონი უნდა შესრულდეს და ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, როცა რაიმეს აშავებენ.„ცრუპენტელა „ნაცები“ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, როცა საგამოძიებო კომისიაზე ლაპარაკობენ. ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ. კეთილი ინებონ, კომისიის სხდომაზე მობრძანდნენ, დაზარალებულები ათას უბედურებას ჰყვებიან და ამ ადამიანებს პასუხები გასცენ. რაიმე თუ არასწორია, მაშინ თავიანთი სიმართლე თქვან, მაგრამ კარგად იციან, რას ჩადიოდნენ, ამიტომ იძულებული არიან, პოლიტიკას თავი შეაფარონ. როგორც წესი, ეს მათთვის დამახასიათებელია. აღკვეთის ღონისძიების წესს როცა არ იცავენ, ეს ქართული რეალობისთვის არახალია. ნიკა მელია გახსოვთ, რომლის მიზანი სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაციის ჩამოქცევა იყო და მან ამ მიზნით ე.წ. სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. ზუსტად იმავეს მცდელობა აქვთ. იგივე მეორდება, არ უნდათ, სამართალსა და კანონს დაემორჩილონ. რაც მთავარია, წინააღმდეგობაში იმ მართლწესრიგთან მოვიდნენ, რითიც დემოკრატიული საქართველო ცხოვრობს. ეს ადამიანები ისე დამარცხდებიან, როგორც სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი და მერაბიშვილი დამარცხდნენ, თუ თავიანთ საქმეებს წაიღებენ. კანონი უნდა შესრულდეს და ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, როცა რაიმეს აშავებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

გიორგი მამაცაშვილი

პოლიტიკა 20 მაი 10:19

გიორგი მამაცაშვილი: ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. მეორე დღეს იდგნენ სისხლით მორწყულ რუსთაველზე და გიორგი ვაშაძე ორდენებს იღებდა სააკაშვილისგან - აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2003 წლის ნოემბრიდან ყოველი დღე თენდებოდა იმისთვის, რომ ან ქონება ჩაეგდო სააკაშვილის რეჟიმს ხელში, ან მილიონები ჩაეტანა რომელიღაც მდიდარს ან ჩინოვნიკს და შეევსო ამით მათი პირადი თუ ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ და არ ყოფილიყვნენ წონადი ფიგურები ან ორგანიზაციები, მედია საშუალებები, მე არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს, - ასე უპასუხა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, გამომცემლობა „სამშობლოდან“ მომუშავეების გამოდევნა ქონებრივი თემა იყო თუ აზრის ჩახშობის მცდელობა.მისივე თქმით, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინაც და დღესაც „ფეხზე ეკიდათ“ რედაქციები.„შუა რუსთაველზე ამხელა ქონების ხელში ჩაგდება არ იყო პატარა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა გუნდიც მზად იყო საიმისოდ, რომ შესულიყო ამ თემაში მოლაპარაკებაში და „სამშობლო“ გამოესყიდათ ჟურნალისტურ რედაქციებს, ამაზე რა თქმა უნდა იმ პერიოდის ხელისუფლება არ წამოვიდოდა და არც წამოვიდა, გადაიფორმეს ავტომატურად მთლიანად და შემდეგ თემურ უგულავას მისცეს 1 ლარად. რედაქციები, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაშინაც ფეხებზე ეკიდა იმ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღესაც ფეხებზე კიდია, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ ეკა კვესიტაძე არის ჟურნალისტი. ეკა კვესიტაძე ე.წ. ჟურნალისტი, მისი მეუღლე უტიაშვილი მაშინ გახლდათ ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და პიარის ამბებში იყო ჩართული, გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ არის დაზიანებულიო, სიცრუეაო. შემდეგ უფრო ცუდი განცხადებაც გააკეთა, დიდი დიდიო ტაქსისტები თუ დაზიანდნენო, თითქოს ტაქსისტები ადამიანები არ იყვნენ და ის ნაგავი მართლა, ლევან ხაბეიშვილი, ამას ბოდიშის მოხდის გარეშე და უაპელაციოდ ვამბობ, ნაგავი ლევან ხაბეიშვილი, 2011 წლის 27 მაისს გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა და ამ ხალხს უნდა დღეს კიდევ აქ მორალის კითხვა. მეორე დღეს იდგნენ სისხლით მორწყულ რუსთაველზე და გიორგი ვაშაძე, ეს ბეყე, ჭიჭე ვაშაძე ორდენებს იღებდა სააკაშვილისგან“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

ნკ

საზოგადოება 6 მაი 19:49

ტრაგედია ახალციხეში - რას ამბობს ექსპერტი 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

2 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მცირეწლოვანი ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება. ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.„ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ყველა ქიმიური კვლევისათვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ.“, - ამბობს დავით მერაბიშვილი.ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გუშინ, 5 მაისს გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როცა აღმზრდელი გასაღვიძებლად შევიდა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბესიკ დანელია

საზოგადოება 5 მაი 11:34

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია - ფურცელაძის ქუჩაზე, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით, მოვიდა დაახლოებით 50-მდე კუდი-ს წარმომადგენელი. 6 ახალგაზრდა დაჭრეს იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები

„რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს. პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლედ იმის გამო, რომ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც სუფრასთან იმყოფებოდა ახალაიებთან და თაკო სალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესიკ დანელიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.ბესიკ დანელია 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენებს იხსენებს.„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე, ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში და იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან, ჩემ გვერდით, ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები, გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს. ახალგაზრდებს მოგვმართეს, ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ამ დროს, მოვიდა დაახლოებით 50-მდე ზონდერი კუდ-ელი, კუდი-ს სამსახური იყო, და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს, ის რომ კაცს თავში მოგხვდებოდა, ჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“ - განაცხადა ბესიკ დანელიამ.

ბესო დანელია

პოლიტიკა 5 მაი 11:20

ბესო დანელია: დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი - ქვეყნის მტრები, მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ

მე მინდა, რომ დღევანდელმა თაობამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე რომ ვხედავთ, მინდა იცოდნენ ზუსტად ვის გვერდით დგანან. ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან და ნიკა გვარამიასგან, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომ თურმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ჩვენ ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან გვინდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. მისივე თქმით, ეს ადამიანები კვლავ აპირებენ მობრუნებას, მაგრამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ.„ახალგაზრდებო მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, მე დღეს ცოცხალი ვარ ღვთის წყალობით ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად ჩვენ დღეს მოცილებული გვყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ისინი - ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ეს ადამიანები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. ყველამ მინდა იცოდეთ, გაიაზროთ, თქვენ შეიძლება მაშინ იყავით ძალიან პატარები, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ბევრი ცოცხალი აღარ არის. 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, არ ვიცი როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ისე, რომ გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს და მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს“, - განაცხადა ბესო დანელიამ.

ვალერი გელაშვილი

სამართალი 5 მაი 8:04

ვალერი გელაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტი ადამკუსი შეხვდა სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო - ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობს.როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა.მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან.„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე. 2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნეს საქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.“ - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ვალერი გელაშვილი

პოლიტიკა 5 მაი 8:01

ვალერი გელაშვილი - თავდასხმაზე დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს

იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა. 

გიორგი აბდალაძე

პოლიტიკა 30 აპრ 7:39

ჩვენი პატიმრობის პერიოდში, ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები, სადაც მე მაგინებენ - ვანო მერაბიშვილი მაგინებს მე, იმიტომ, რომ შიმშილობა მქონდა გამოცხადებული - გიორგი აბდალაძე

ჩვენი პატიმრობის პერიოდში, ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები,სადაც მე მაგინებენ, ვანო მაგინებს მე, იმიტომ, რომ შიმშილობა მქონდა გამოცხადებული, მშრალ შიმშილობაზე ვიყავი, 5 დღე ვიშიმშილე, - ამის შესახებ "ფოტოგრაფების საქმეზე" 2011 წელს დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მან ასევე გაიხსენა დაკავების ღამე და განაცხადა, რომ როდესაც მანქანაში ჩასვეს, გინება დაუწყეს."გამთენიისას რომ დაასრულეს ჩხრეკა, მანქანასთან ჩავედით. ტელეფონები ჩამოგვართვეს ყველას, ოჯახის წევრებს, ერთადერთი ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ გააგებინე, ხვალ ფიზიკურად გადაღებაზე ვერ მივალ და რედაქციის თანამშრომლებსაც უთხარი, რომ ასეთი მდგომარეობაა, დამაპატიმრეს-თქო. მანქანაში რომ ჩამსვეს, ხომ იცი, რაზეც დაგიჭირეთო - რაზე დამიჭირეთ, სისულელეა, აბსურდია, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა-მეთქი და დამიწყეს გინება. მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ერთი ეუბნება მეორეს რაციაში, ყველა დავიჭირეთო, მე მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. შინაგანად ვგრძნობდი, რომ სავარაუდოდ 26 მაისის თემაზე იქნებოდა ეგ ამბავი, იმიტომ, რომ ეს იმდენად მძიმე ფოტოებია, მსგავსი კადრები არ არსებობს, დარბევები უამრავი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ასეთი სახის ფოტოები ასახული არსად არის." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.