1766688585
ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს ბინა გადაეცემა
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 7 კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა.
მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი - სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.











