ირაკლი კირცხალია ვარლამ ლიპარტელიანის არჩევაზე: ძალიან თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს გარდამტეხ დღედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციისთვის, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰქვია

ირაკლი კირცხალია

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანის არჩევას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის დღეს გარდამტეხი დღეა.

„ძალიან თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე შეიძლება ჩაითვალოს გარდამტეხ დღედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციისთვის, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰქვია. მე მინდა მივულოცო ბატონ ვარლამს. ის არის სამაგალითო ქართველი თავისი წარსულით, თავის აწმყოთი, თავის სულისკვეთებით და ქვეყნისადმი სიყვარულით და თვისობრივად ახალ დონეზე და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ახალგაზრდულ მოძრაობას.

ზოგადად, როდესაც პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული აქტივობები და ის სიჯანსაღე, რომელიც ძალიან თვალნათელი იქნება ბატონი ვარლამის მოღვაწეობისას არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის რომელიც ზრუნავს თავის მომავალზე. შენ ვერ დაგეგმავ მომავალს, თუ შენ არ ფიქრობ შენს მომავალ თაობაზე და შენს ახალგაზრდობაზე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.