VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ შემუშავებულ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს პატრირქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში.
„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს: ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა. იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქი აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივ მინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც განგვაძლიერებს სულიერად და განგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას, აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის. წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა“, – ნათქვამია წმინდა სინოდის მიმართვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.