ვიქტორ ორბანმა უნგრეთის რუსული გაზითა და ნავთობით მომარაგების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა

 ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანმა უნგრეთის რუსული გაზითა და ნავთობით მომარაგების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გარანტიის საქმით გამყარება და უნგრეთის ნავთობითა და გაზით მომარაგების უზრუნველყოფაა.

ვიქტორ ორბანს არ დაუკონკრეტებია, სად და ვისთან იგეგმება მოლაპარაკებები, თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ ის მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

„ამერიკელებმა სანქციები დააწესეს. მე 2 მიზანი მქონდა: პირველი რომ ამ სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლებისთვის მიმეღწია და მე ეს გავაკეთე. მეორე მიზანი კი არის, რომ დავრწმუნდე, უნგრეთს ექნება ნავთობი და გაზი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ მატერიალურად. პარასკევს ამ საკითხზე მოლაპარაკებებს გავმართავ და იმედია წარმატებით“, - განაცხადა ორბანმა.