ვინ გაივლის „ბეწვის ხიდზე“ - მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული არქიტექტორების ჯგუფი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურაზე მუშაობას იწყებს

მუზეუმი

6 ივლისს „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ეზოში მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი იყო. სწორედ ბრეუსი არის ახლა აღნიშნული ობიექტის მფლობელი, რომელიც მას აუქციონის წესით 16 მილიონ ლარად გადაეცა.

Christ & Gantenbein, Archea Associati, Emre Arolat, Herzog and De Meuron, Shigeru Ban და Wilmotte & Associes - ეს ის კომპანიებია, რომლის წარმომადგენლებიც შალვა ბრეუსმა შეკრიბა და თავი საქართველოში მოუყარა. კონკურსანტებმა ბიზნესმენის მიერ ჩაფიქრებული დიდი პროექტის განხორციელების საუკეთესო გეგმა უნდა წარმოადგინონ, რათა საბოლოოდ ჩაიბარონ პროექტი. 6-ვე კომპანიამ ერთი მიზეზისთვის უნდა იბრძოლოს - წარმატებით გაიარონ გზა „მიხაილოვის საავადმყოფოდან“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმამდე.

ხელოვნების მოყვარულ ბრეუსს დიდი ხნის განმავლობაში სურდა მსგავსი მუზეუმის შექმნა და საბოლოოდ, ჩანაფიქრსაც ფრთები შეასხა. თავდაპირველად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნა ვენეციაში იგეგმებოდა, შემდეგ ბრიუსელის მერიისგანაც მიიღო პროექტის განხორციელებისთვის უფასო ადგილის შეთავაზება, მაგრამ მან არჩევანი სამშობლოზე გააკეთა. ამ გადაწყვეტილებას თავად ძალიან მარტივად, იმ ქვეყნის სიყვარულით ხსნის, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

„ბრიუსელის მერიამ ქალაქის ცენტრში უფასოდ შემოგვთავაზა ადგილი, მაგრამ ბრიუსელთან არაფერი მაკავშირებს, სიმართლე რომ გითხრათ. მეორე ვარიანტი იყო ვენეცია, იქ უფრო ხშირად ვარ და დიდ დროს ვატარებ. ვენეციაში ავირჩიეთ ადგილი, ძალიან კარგი ხაზი იყო, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოში აშენებულიყო მუზეუმი. მიზეზი ძალიან ადვილია - საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, საქართველო მიყვარს“, - აღნიშნა ბრეუსმა.

რა კონცეფციის იქნება მუზეუმი, რა კოლექციას ვიხილავთ და იქნება თუ არა თავად ბრეუსის მსოფლიოში აღიარებული კოლექცია წარმოდგენილი, ამის შესახებ ბიზნესმენმა მცირე დეტალები გაგვიმხილა.

„აქ იქნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები. საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს, თავისთავად. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დამატებით კომპლექსებზე. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არ დავარღვიოთ. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის, რომ ჩადგან თანამედროვე კომპლექსი ამ ისტორიულ კომპლექსში. ეს არის მთავარი მისია. საქართველოში ეს მუზეუმი განსხვავებული იქნება იმით, რომ მუზეუმი იქნება არა მხოლოდ ტაძარი, რომელშიც მოდიხარ და ლოცულობ ამ ობიექტების წინაშე, ასევე, იქნება სახლი, სადაც ახალგაზრდობა თავს იგრძნობს საკუთარ სახლში. შენ შეიძლება შემოხვიდე სკეიტბორდით ჩვენს მუზეუმში, დადო კედელთან, დაჯდე, ლეპტოპი გახსნა და ინტერნეტში იმუშაო, არავინ არაფერს არ მოგთხოვს და მერე წახვიდე.

ჩემი კერძო კოლექცია თავისთავად ბაზისური იქნება მუზეუმისთვის. მაგრამ მთავარია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მუზეუმი არ უნდა იყოს შეზღუდული ერთი ადამიანის კოლექციით. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ მუზეუმმა დამოუკიდებლად იმუშაოს კოლექციის გავრცელებაზე, გადიდებასა და პრომოუშენზე, ეს არის აუცილებელი“, - ამბობს ბიზნსესმენი.

საინტერესოა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლების აზრი, აქვთ თუ არა უკვე პირველი შეხედულებები და შთაბეჭდილებები, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ამის გასარკვევად, 6-ვე კომპანიის არქიტექტორს ვესაუბრეთ.

თამამდ შეიძლება ითქვას, რომ 6 ივლისს „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ეზოში მსოფლიო არქიტექრურის ნამდვილი ვარსკვლავების შეკრება იყო. ერთ-ერთი ასეთი ფართოდ აღიარებული არქიტექტორია ქრისტოფ განდენბეინი (Christ & Gantenbein), რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან „რაც აქ ვიხილეთ, ძალიან ღირებულია“.

 

Archea Associati-ი წარმომადგენელი ფრანჩესკო სიმონინი კი პროექტს „საგანგებო შემთხვევად“ მოიხსენიებს.

Shigeru Ban-ის არქიტექტორი ტარო ოკაბე დიდ მსგავსებას ხედავს ქართულ და იაპონურ ხუროთმოძღვრებაში.

რაც შეეხება Herzog and De Meuron-ს, Wilmotte & Associes-სა და Emre Arolat-ის წარმომადგენლებს, ყველა მათგანი თანხმდება, რომ ობიექტმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სიძველე, თუმცა უნდა დაემატოს ახალი დეტალები.

შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ აკადემიკოსს ვალერიან ასათიანს, რადგან გაგვეგო, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოში და რა ღირებულების მატარებელი იქნება ის. ასათიანის თქმით, მუზეუმი იქნება საგანმანათლებლო სივრცე, რაც ყველზე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის.

„საერთო ჯამში, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაფიქრია. სივრცე იხსნება ახალი ხარისხის განათლებისათვის, არა მარტო სახვით ხელოვნებაში, არამედ საზოგადოდ, ფართო გაგებით კულტურა მაქვს მხედველობაში. ეს იქნება მულტიკულტურული დანიშნულების კერა, სადაც ყველა მუზა დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც სახვითი ხელოვნება, ასევე, მუსიკალური ხელოვნება, სიტყვიერება, თეატრი, ეს იქნება შეხვედრების ადგილი. როგორც ვხედავ, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს გადაიქცეს საგანმანათლებლო კერად, რაც ყველზე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის. ამ დიდ პროექტში დროთა კავშირი იქნება მოქცეული“, - განაცხადა ასათიანმა.

შალვა ბრეუსმა მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე პროექტი 2028 წლამდე უნდა დაასრულოს. თუმცა, მანამდე ორი მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი. უნდა დაველოდოთ 2022 წლის სექტემბერს, რათა 14-დან შერჩეული 6 კომპანიიდან  3 დარჩეს კონკურსში, შემდეგ კი ნოემბერს, რათა გავიგოთ, საბოლოოდ ვინ განახორციელებს პროექტს და ვინ გაივლის „ბეწვის ხიდზე“.