უმნიშვნელოვანესი დღეა სრულიად საქრისტიანოსთვის, წარმატებებს ვუსურვებ პატრიარქს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საეკლესიო თანამდებობაზე - მიტროპოლიტი დიმიტრი

მიტროპოლიტი დიმიტრი

უმნიშვნელოვანესი დღეა სრულიად საქრისტიანოსთვის, - ასე ეხმაურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე შიო III-ს აღსაყდრებას.

"დღეს ხდება საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ტახტზე ინტრონიზაცია. გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ გამოარჩია მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ვუსურვებ მას წარმატებებს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საეკლესიო თანამდებობაზე", - აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი.

ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო - შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია და აღსაყდრების საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა. პროცედურა მოიცავდა უძველეს რიტუალს: მის უწმინდესობას, შიო III-ს, გადასცეს პატრიარქის ინსიგნიები. მოხდა მისი აღკაზმვა პატრიარქისთვის განკუთვნილი საღვთისმსახურო სამოსით. ტაძარში სამგზის გაისმა სიტყვა - "აქსიოს!", რაც ბერძნულად "ღირსია"-ს ნიშნავს. ეს არის დასტური იმისა, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის.