1774295087
„თქვენი თანადგომის წყალობით, ჩემი შვილი ცოცხალია“ - ჯოენის კლინიკაში, ურთულესი ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ბავშვის მამა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მადლობას უხდის
ჯოენის კლინიკაში, ურთულესი ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ბავშვის მამა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მადლობას უხდის.
ინფორმაციას და მამის მადლობის წერილს, სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ავრცელებს.
„ეს ჯოენის კლინიკაში, ურთულესი ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ბავშვია, ლეონ აგრბა, გუდაუთელი. მამამისი წერს ოჯახის სახელით მადლობას ჩვენს მინისტრს და საავადყოფოს ექიმებს, პერსონალს.
მადლობა ყველას, ვინც ამ ბავშვის ჩამოყვანას და მშვიდობით დაბრუნებას გაუკეთა ორგანიზება!“, - წერს გიორგი ვოლსკი.
გთავაზობთ ბავშვის მამის სამადლობელ წერილს, რომელსაც ვოლსკი ავრცელებს.
„დღეს მე უბრალოდ ბედნიერი მამა ვარ. თქვენი ყურადღებისა და თანადგომის წყალობით, ჩემი შვილი ცოცხალია და ისევ თავისი ბავშვობით ცხოვრობს.
ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ის, რასაც ვგრძნობ. როცა საქმე საკუთარი შვილის სიცოცხლეს ეხება, უბრალო მადლობა არ კმარა. უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, მისი თანადგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის. ვწერ ამას და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ასევე არასდროს დამავიწყდება ექიმების ადამიანური მოპყრობა, ჩვენთვის ეს დაუვიწყარია. ამ რთულ დროს მარტო არ დაგვტოვეს... ამ ყველაფერთან ერთად უბრალო ადამიანური სითბო ვიგრძენი, რაც ყველაზე მეტად საჭიროა ასეთ მომენტებში, სიამაყით მოვუყვები ყველას გუდაუთაში! დიახ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და სრულად შევიგრძენი ის სიყვარული და მზრუნველობა, რასაც ქართველები აფხაზების მიმართ ავლენენ. უფალმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რასაც ხალხისთვის აკეთებთ. ათასგზის მადლობა, უფალმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა!“ - ნათქვამია მამის წერილში.












