„თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა“ - ილია II-ის ნების შესაბამისად, სიონის ტაძარი მისი მარადიული სამყოფელი ხდება

ილია მეორე

"თავდაპირველად იყო სიტყვა..." და ეს სიტყვა აღსრულდა. რადგან, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიერ, ექსკლუზიურად "კურიერთან" ნათქვამი ფრაზა ახლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეხსენება. ეს არის ეპოქის დასასრულის დოკუმენტი.

პატრიარქი ფესვებს უბრუნდება. ნახევარი საუკუნის წინ, უწმინდესისა და უნეტარესის "მზიანი ღამე" დაიწყო. 49 წლის შემდეგ კი სიონი მარადიული სამყოფელი ხდება. წლების განმავლობაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომლის ეზოშიც წლების განმავლობაში პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობდა და ადგილი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის სიმძიმეს ინახავს, ახლა კიდევ ერთ, ყველაზე დიდ ტკივილს იბარებს.

ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული, მომზადდა პატრიარქის განსასვენებელი.

საკურთხეველთან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილი პირველმა სწორედ მოსაყდრე შიომ მოინახულა. "კურიერის" ობიექტივმა ის მძიმე წუთები გადაიღო, როცა სიტყვებს მიღმა მხოლოდ პასუხისმგებლობა და დიდი დანაკლისი იკითხებოდა. მალევე აქ მიწაც გაიჭრა...

სიმბოლურია, რომ უწმინდესი და უნეტარესი სწორედ წმინდა ნინოს ჯვართან და ივერიის ღვთისმშობელთან ახლოს ჰპოვებს განსასვენებელს - იმ სიწმინდეებთან, რომელთაც მთელი ცხოვრება მუხლმოდრეკით ემსახურა.

დავით მეხუთე, ეფრემ მეორე, მელქისედეკ მესამე, კალისტრატე, ქრისტეფორე, ამბროსი, ლეონიდესი და კირიონ მეორე. ამ თაღებქვეშ, ილია მეორე მის წინამორბედებს შეუერთდება, რვა პატრიარქი, რვა თავგანწირული გზა - ყველა მათგანი აქ, 1917 წლის, ანუ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიკრძალა.

დღეს კი ეს რიგი შეივსო. ილია მეორემ სიონის მოკრძალებული მყუდროება აირჩია. ის ბრუნდება იქ, საიდანაც პატრიარქობა დაიწყო, სადაც მისი ხმა პირველად გაისმა და სადაც მისი დუმილი სამუდამოდ დარჩება.

პატრიარქს სიონის ტაძრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ ჰქონდა, ეს მისმა სიტყვებმაც არაერთხელ დაადასტურა. "თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა" - ეს სიტყვები უწმინდესმა 2020 წელს ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა. როგორც ირკვევა, ილია მეორე მის მთავარ სურვილს სასულიერო პირებს პირად საუბრებშიც ხშირად უზიარებდა.

სიონის ტაძარში სამზადისი ამ დრომდე გრძელდება. მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მგლოვიარე მრევლი მიდის. გვიან ღამით სიონში სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მთავრობის მეთაური მეუფე შიოსთან ერთად ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. სწორედ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის და სინოდის წევრების შეთანხმებით გადაწყდა ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა.