სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა - ნახეთ შედეგები

საზამთრო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა. მათი ინფორმაციით, ნიტრატები დადგენილ ნორმას მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება.

მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია იმპორტირებული საზამთროს და ნესვის 41 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90 მგ.კგ, მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით აჭარბებდა დადგენილ მაჩვენებელს და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა.

შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.