„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1760818784
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია TV პირველის შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 2025 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული ინციდენტიდან თითქმის ორი თვის შემდგომ, 2025 წლის 18 ოქტომბერს გავრცელებული სიუჟეტი, რომელიც თითქოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც აღნიშნული არხი აწარმოებს ბოლო მდგომარეობას კვირის განმავლობაში და რომლის მიზანიც არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პირველ რიგში, გვსურს შევეხოთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას - მას გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და დღეის მდგომარეობით, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა თანამშრომლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს შეიკავებს, რადგან აღნიშნული საკითხი წარმოადგენს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.
ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური უმკაცრესად რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციური სისტემის მოსამსახურის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან და მოცემული საქმის ფარგლებშიც, შესაბამისი მასალები ფაქტის დადგომისთანავე გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალშიც თითოეულ მსგავს ქმედებაზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ საკითხს - N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ აღემატება ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ლიმიტს. გამომდინარე იქიდან, რომ N8 პენიტენციური დაწესებულება ასევე არის მიმღები პენიტენციური დაწესებულება, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ეტაპირება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის უმნიშვნელო მატება ხელს არ უშლის პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას და არ ლახავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებს.
სიუჟეტში ასევე ნახსენებია ე.წ. საძილე წამლების გამოყენების საკითხი, რაც მეტყველებს სიუჟეტის ავტორთა არაპროფესიონალიზმზე და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე და რაც მთავარია არ შეესაბამება რეალობას. ცალსახად განვმარტავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2%, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც ოპიატების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდგომ დამოკიდებულების დაძლევის მიზნით, ექიმის დანიშნულებით იღებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო საშუალებებს, რომელთა მიღებაც ხდება შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.
რაც შეეხება, სიუჟეტში ნახსენებ თემას - N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კადრების დეფიციტს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - დაწესებულება სრულად არის დაკომპლექტებული კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ და ეფექტიან საქმიანობას.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიას არ მოუმართავს სპეციალური პენტიენციური სამსახურისათვის ინფორმაციის გადასამოწმებლად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.