1773951610
სოფელ სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მშობლიურ სოფელ სნოში, მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილმა უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გია გუჯარაიძე და კახა ღუდუშაური დაესწრნენ.
„ხევის მკაცრ მთებში, იქ, სადაც ჩვენი პატრიარქის ფესვებია, ეს ტკივილი განსაკუთრებით მძაფრია. უწმინდესი თითოეული ჩვენგანისთვის იყო და დარჩება უპირობო სიყვარულის, ურყევი რწმენისა და მამულის უანგარო მსახურების ცოცხალ მაგალითად. დღეს აქ ყველა ჭირისუფალია - მთამ და მისმა შვილებმა ყველაზე დიდი იმედი და დასაყრდენი დაკარგეს.
უწმინდესის სულის საოხად, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლები სნოს ცას სევდიანად შეერწყა. ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია, სევდა კი - უსაზღვრო.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, დედაეკლესიასა და თითოეულ ქართველს, რომელთა გულშიც პატრიარქის სახელი სიკეთესთან და სინათლესთან ასოცირდება. მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი ერის სულიერი მამის!“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გია გუჯარაიძემ.










