უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
ენდოკრინული სისტემის დარღვევები ხშირად მხოლოდ ჰორმონალურ ცვლილებებს არ იწვევს და შესაძლოა ნერვული სისტემის სხვადასხვა სიმპტომითაც გამოვლინდეს. ამის შესახებ ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თამარ კუპრეიშვილი საუბრობს გადაცემაში იმუნიტეტი.
მისი განმარტებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები ძირითადად ორ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული — როდესაც ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია (ჰიპერთირეოზი) ან, პირიქით, დაქვეითებულია (ჰიპოთირეოზი).
ექიმის თქმით, ჰიპერთირეოზის დროს, როდესაც სისხლში ჰორმონის მაჩვენებელი დაბალია, პაციენტები ხშირად ხასიათდებიან მომატებული აგზნებადობით, გაღიზიანებითა და მოუსვენრობით. ამ მდგომარეობას ხშირად ახლავს ოფლიანობა, ზოგ შემთხვევაში კი გაღიზიანება აგრესიულობამდეც მიდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი მკურნალობას არ იტარებს. ასევე დამახასიათებელია წონის კლება და გულის რიტმის დარღვევა. კუპრეიშვილის განმარტებით, აღნიშნული სიმპტომები საკმაოდ მკვეთრია, რის გამოც დაავადების დიაგნოსტირება, როგორც წესი, შედარებით სწრაფად ხდება.
რაც შეეხება ჰიპოთირეოზს — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას — ამ შემთხვევაში სიმპტომები უფრო ნელა ვითარდება. პაციენტებში ხშირად აღინიშნება აზროვნების შენელება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება. ასევე დამახასიათებელია აპათია, დეპრესიული განწყობა და ინტერესის დაკარგვა. ფიზიკური ნიშნებიდან ექიმი ასახელებს წონის მატებას, გულის რიტმის შენელებას, ლიბიდოს დაქვეითებას და მენსტრუალური ციკლის დარღვევას.
ენდოკრინოლოგის თქმით, ჰიპოთირეოზის დროს სიმპტომები თანდათან ვითარდება, რის გამოც პაციენტები და მათი ახლობლები ხშირად ეჩვევიან ამ ცვლილებებს და პრობლემას დროულად ვერ ამჩნევენ. შედეგად, დიაგნოზი ხშირად შედარებით გვიან ისმება.
ამიტომ, სპეციალისტის რეკომენდაციით, მსგავსი ნიშნების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.
ამავე გადაცემაში ექიმი-ნევროლოგი ანა ჩიქობავა განმარტავს, რომ დეპრესიული სინდრომის არსებობისას ყოველთვის აუცილებელი არ არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გამოვლინდეს, თუმცა მისი გამოკვლევა მაინც საჭიროა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ხშირად უტარდებათ სისხლის ანალიზები, რათა დადგინდეს, არის თუ არა პროცესში ჩართული ფარისებრი ჯირკვალი. ნევროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგჯერ სიმპტომებს მხოლოდ ჰორმონების ცვლილება არ იწვევს.
ჩიქობავას განმარტებით, ნერვული ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ანტისხეულების მიმართ. თუ ანტისხეულების დონე მაღალია, შესაძლოა კრუნჩხვითი აქტივობაც განვითარდეს. რადგან ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ხშირად აუტოიმუნურ პროცესებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანი მნიშვნელობა აქვს ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრას.
სპეციალისტის თქმით, შესაძლებელია ჰორმონების მაჩვენებლები ნორმაში იყოს, თუმცა ანტისხეულების დონე მაღალი აღმოჩნდეს და პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომები აღენიშნებოდეს.
ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავს შემთხვევებში მკურნალობის დაგეგმვისას ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის ერთობლივი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი განმარტებით, შესაძლოა დეპრესიული სინდრომის დროს ენდოკრინული დარღვევის მკურნალობამ პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს, თუმცა ნერვული სისტემის სრულფასოვანი აღდგენა ხშირად კომპლექსურ, მრავალპროფილურ მიდგომას საჭიროებს.