1786913447
სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს კიდევ ორი საქმე განიხილა. მოსამართლემ 800 ლარით დააჯარიმა მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარით ოპოზიციონერი ნანუკა ჟორჟოლიანი მოიხსენია, ტარიელ გოგუაძე კი გურამ მაჭარაშვილის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ბატონ ტარიელ გოგუაძეს სოციალურ სივრცეში განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გურამ აჭარაშვილის მიმართ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რასაკვირველია სამართალწარმოება დაიწყო. მოძიებულ იქნა მტკიცებულებები, განჩინების წესის დაცვით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით კი აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, განხილული იქნა სხვა სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნულ შემთხვევაში, ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა ბატონ კახაბერ მჭედლიშვილს ქალბატონ ნანა ჟორჟოლიანის მიმართ სიტყვიერის შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს ასევე სოციალურ სივრცეში. აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, სახდელის სახედ კი განესაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით," - განაცხადა შსს-ს იურისტმა, ანი კაკიაშვილმა.










