„შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს...“ - ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს, რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს წნევის წამალს

ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგის, მედიცინის დოქტორ ზაზა თელიას განცხადებით, მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლოა სხვადასხვა გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, რის გამოც მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

სპეციალისტის თქმით, ACE-ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც სახელწოდებაში „პრილით“ მთავრდება (მაგალითად, ლიზინოპრილი, კაპტოპრილი), ხშირად იწვევს მშრალ, ხანგრძლივ ხველას, რომელიც ინფექციასთან კავშირში არ არის. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა განვითარდეს ანგიოშეშუპება — ტუჩების, თვალების ან სახის სხვა ნაწილების შეშუპება, რაც სიცოცხლისთვისაც კი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.

კალციუმის არხების ბლოკატორებს, ე.წ. „დიპინების“ ჯგუფს (მაგალითად, ამლოდიპინი), ხშირად უკავშირდება ქვედა კიდურების, კოჭებისა და წვივების შეშუპება, ასევე სახისა და გულმკერდის სიწითლე.

შარდმდენი პრეპარატების მიღებისას შესაძლებელია გახშირებული შარდვა და ორგანიზმში კალიუმის დონის ცვლილება, რაც ზოგჯერ კუნთების კრუნჩხვებსაც იწვევს. ექიმი განსაკუთრებით აფრთხილებს პაციენტებს, რომ კალიუმის შემცველი დანამატები თვითნებურად არ მიიღონ.

რაც შეეხება ბეტა-ბლოკატორებს, რომლებიც „ლოლით“ მთავრდება (ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი და სხვ.), მათ შეუძლიათ გულისცემის და პულსის შენელება, ამიტომ მკურნალობის პერიოდში რეგულარული კონტროლი აუცილებელია.

ზაზა თელიას თქმით, წნევის წამლების თვითნებურად დაწყება, შეწყვეტა ან სხვისი რეკომენდაციით მიღება დაუშვებელია. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი შეიცვალოს.