საქსტატი: 2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

“ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი).” – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.