საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები, მეუღლეებთან ერთად, პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ

შეხვედრა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები, მეუღლეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ უწმინდეს და უნეტარეს, შიო მესამეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

„უდიდესი პატივი იყო, ჩვენს ძვირფას სტუმრებთან ერთად, შევხვედროდით უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე. კიდევ ერთხელ ერთსულოვნად გავუსვით ხაზი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის მნიშვნელობას“,- წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.