საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური განახლების პროცესი იწყება.

"ისტორიული განახლების" პროექტი, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს. მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გადაზიდვის მოცულობებს სატვირთო მატარებლებზე.

სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც - საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია.

უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. ზაფხულის სეზონიდან კი მატარებლები მგზავრებს თბილისიდან ბათუმში ოთხ საათში ჩაიყვანენ. ასევე, იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენა. ე.წ. კუკუშკა მგზავრებს მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.