საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში  „ერეკლეობის“  ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრადიციულ დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა თელავის მთავარ მოედანზე მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და  ადგილობრივ დამთვალიერებლებსა დაქალაქის სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მეფე ერეკლე არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი.

„მეფე ერეკლე არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, როგორი უნდა იყოს  საქართველოს გმირი, როგორი უნდა იყოს მებრძოლი, რეფორმატორი და პატრიოტი. იმ მძიმე ჟამის დროს მან მაქსიმუმი გაიღო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო.  არ შეიძლება ამ ღვაწლის დავიწყება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვინც მეფე ერეკლეს განსჯის, განიკითხავს და ადანაშაულებს ის საქართველოს მტერია.

„ვინც მეფე ერეკლეს განსჯის, განიკითხავს და ადანაშაულებს, გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ, ის არის საქართველოს  მტერი.  უნდა ვიცოდეთ, რომ მეფე ერეკლე არის ჩვენთვის  ძვირფასი მეფე და ადამიანი.  მინდა ქედი მოვიხარო მისი ღვაწლის, გმირობის, თავდადების წინაშე.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, უმრავლოს საქართველოს მეფე ერეკლესნაირი ადამიანებები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საპატიო თელაველების დაჯილდოების ცერემონია.

„ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით,  თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარ მოედანზე საგამოფენო სივრცეები და პავილიონები მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ღვინის კუთხე, ხელაკეთი ნივთები, ასევე  საბავშვო გასართობი სივრცეები. ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის ბოლოს კი "ერეკლეობის" მრავალფეროვანი ღონისძიებათა პროგრამა  გალა კონცერტით დასრულდება.