საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც მალე ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება - ესპანური მედია

მამარდა

ესპანური გამოცემა Diario AS გიორგი მამარდაშვილის გმირობაზე წერს და მის ვალენსიაში ტრანსფერს იხსენებს.

,,გიორგი მამარდაშვილი საოცარი კაცია ვალენსიასთვის და ეროვნული გმირი საქართველოსთვის. 23 წლის გოლკიპერმა თავისი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, როცა პენალტების სერიაში ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მისი პროგრესი იმდენად აშკარაა, რომ დიდი ევროპული კლუბების ინტერესი გამოიწვია.“

ანტონიო ლოპესი არის ის აგენტი, ვინც გიორგი მაშინ აღმოაჩინა, როცა ის თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა. 2020 წლის 24 სექტემბერს, ქართული გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გრანადას ეთამაშა, 0:2 დამარცდა, თუმცა მამარდამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

„მას იქამდე რვა თვე ვაკვირდებოდი და მან იმ შეხვედრაში, როგორც ფეხბურთელმა, იფეთქა." - აღნიშნა ლოპესმა, რომელმაც დაამატა, რომ სხვადასხვა გუნდებს სთავაზობდა მის შეძენას და პასუხად იღებდა: "ქართველი, ანტონიო?"

საბოლოოდ, მისი ტრანსფერს მწვანე ვალენსიას აკადემიის დირექტორმა, ლუის მარტინესმა აუნთო: ,,ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო, რომელიც 350 ათასი ევროთი დაიწყო და 850 ათასით დასრულდა იმის გამო, რომ თავად ფეხბურთელის სურვილი იყო გუნდში გადასვლა.“

საინტერესოა, რომ მამარდაშვილს ვალენსიას სარეზერვო გუნდში არასდროს უთამაშია, იმიტომ რომ მაშინდელმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, იასპერ სილესენის და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, ფსონი მაშინვე მასზე გააკეთა. მან პირველ გუნდში წარმოაჩინა თავი და ბოლომდე იქ დარჩა. პირველი კონტრაქტი მან როგორც მეორე გუნდის ფეხბურთელმა გააფორმა და ვალენსიას ძირითად გუნდში თამაშით სხვადასხვა ბონუსები გამოიმუშავა.

მისი დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ხეტაფესთან მოგებულ მატჩში შედგა და მან ზედიზედ შვიდ მატჩში ითამაშა, სანამ სევილიასთან ცუდი თამაში შედგებოდა, რომელმაც მისი სკამზე გადაჯდომა გამოიწვია: "პირველ მატჩებში მას იღბალი აკლდა, თუმცა საკმარისი სიძლიერე გამოაჩინა და გაუმჯობესებისთვის იბრძოლა. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა და საბუთები მე შევუგროვე. მას საქართველოში მხოლოდ 800 ევრო ჰქონდა გამომუშავებული." - ამბობს აგენტი, რომელმაც გიორგი აღმოაჩინა.

მოსვლის შემდეგ ძალიან მალე, ყველასთვის უცნობი მეკარე ვალენსიას კარის მესაკუთრე გახდა - მან ზედიზედ 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2022-ში ბეტისთან თასის ფინალშიც ითამაშა. მისი ფასი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ის ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა - ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც კურტუა, ობლაკი და ტერ შტეგენი არიან.

„წინ დიდი გზაა გასავლელი. მე მგონია, რომ ის სულ მალე ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება. ის დღითიდღე უმჯობესდება." - ამბობს ანტონიო ლოპესი და ამატებს, რომ მამარდას ინგლისური ფეხბურთი ძალიან მოსწონს.

იმავე აგენტის თქმით, კვარაცხელიაც ახლოს იყო ვალენსიაში გადასვლასთან, როცა უკრაინა-რუსეთის ომის გამო რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდ იყო. ანტონიო ლოპესი ხვიჩას მამას შეხვდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.