ფეხმძიმე ბავშვები საქართველოში - ნაადრევი ქორწინების და ორსულობის მძიმე შედეგები

ორსული

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 679 არასრულწლოვანი დაორსულდა, 409 კი მშობელი გახდა. არასრულწლოვანი დედების ზუსტი სტატისტიკის დადგენაც რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვი, რომელიც სკოლის ასაკში ქორწინდება, მალევე სწავლას თავს ანებებს. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. ბავშვობის ასაკში ქორწინება საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ართმევს ბავშვობას. ხშირად წყდება კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან, რაც ბავშვის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება.

ბავშვობადაკარგული გოგოების ისტორიები თითქმის ერთნაირია, იცვლება მხოლოდ მათი სახელები და გეოგრაფიული არეალები. მას შემდეგ, რაც 13, 14, 15 წლის ასაკში შვილს გააჩენენ ან გათხოვდებიან, მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

ქვეყანაში ბავშვობის ასაკში ქორწინება რომ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ამას სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩება.

არასწრულოვნების ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთის რეგიონშია.

მშობიარობა პატარა ასაკში რისკებთან რომ არის დაკავშირებული, ამაზე ექიმებიც საუბრობენ. პატარა დედები შვილებს ხშირად სამშობიაროებშიც ტოვებენ.

სექსუალური განათლების აუცილებლობაზე საუბრობენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები.

არასრულწლოვნები ძალადობის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც, როცა ისინი გოგონას გათხოვებას გადაწყვეტენ. მათ მიმართ ხშირია ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაც. სპეციალისტების თქმით, არასრულწლოვან დედებს, როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება, დასაქმებისა და თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია. პატარა დედებისთვის ან იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ნაადრევი ქორწინება არ სურთ, არსებობს თავშესაფრები. აქ ისინი სახელმწიფოსგან შესაბამის ზრუნვას და მომსახურებას იღებენ.