საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო

საპატრიარქო

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.

სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

ამასთან, გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით – კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

კრების გამართვის თარიღი სინოდმა შესაძლოა, დღესვე დაადგინოს, თუმცა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, არ არის აუცილებელი, რომ დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა. ამასთან, მისივე თქმით, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.