სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა

თეა ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.

 

თეა ახვლედიანმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე, ხაზი გაუსვა მათი განხორციელების პროცესში ქალების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრი მონაწილეებს უწყების საქმიანობის შესახებ ესაუბრა და  სამომავლო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, ინტერაქციული დისკუსიებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში დაგეგმილი პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და სამოქალაქო უნარები,  მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედია-წიგნიერება, ადამიანის უფლებები და ციფრული მოქალაქეობა და სხვა.

"გაზაფხულის დღესასწაულებს, ტრადიციულად, ქალთა მხარდამჭერი ინიციატივებით ვეხმიანებით, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა ეთნოსის და პროფესიის ქალბატონების თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა და მათი როლის გაძლიერება. ამ კუთხით, სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა საკმაოდ საინტერესო და ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სიღრმისეული ინფორმაცია და იმსჯელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე, გაეცნონ სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს, აიმაღლონ ცნობიერება ქალთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების თაობაზე, ასევე უკეთ გაიცნონ ერთმანეთის ტრადიციები და უფრო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეძლონ ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტეგრაციის და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცების პროცესში,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალების ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, ქალბატონები გაეცნობიან რეგიონის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას