„როგორი ჭკუათმყოფელი უნდა იყო, ეს რომ ჩაატარო“ - მოსკოვში ქართული კულტურის დღეების გამართვა იგეგმება

კრემლი

11-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში დიდი ღონისძიებები „ქართული კულტურის დღეების“ გამართვა იგეგმება. ინფორმაციას გვერდი kartvelebi.ru ავრცელებს. ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“.

„კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ საქართველოს კულტურის დღეების გამოყენების უფლება, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, არავის არ უნდა ჰქონდეს. 

„როგორი ჭკუათმყოფელი უნდა იყო, რომ ასეთი რამ ჩაატარო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური რეაქცია ექნება ნებისმიერ ქართველს. დღეს, ამ სიტუაციაში, რომ აზრად მოგივიდეს ჩაატარო კულტურის დღეები, წარმოუდგენელი ამბავია. ვიცი, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო და კულტურის პალატა არაფერ შუაში არ არის. რაღაც კანონი უნდა იყოს შემოღებული, რადგან საქართველოს კულტურის დღეების გამოყენების უფლება, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, არავის ჰქონდეს, ეს არის ამაზრზენი", - განაცხადა ოქიტაშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ლექციები.

„ქართული კულტურის დღეების“ აღნიშვნა 13 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმოშობის არტისტები, ასევე იქნებიან ქორეოგრაფიული ჯგუფები.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის და და ხელისუფლების წარმომადგენლები. „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორიცაა მოსკოვის ნაციონალური სახლი, რუსეთის ხალხთა სახლი და სხვა. დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ 1-ელი დეკემბრიდან ტელეგრამ არხზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება“ - ნათქვამია გაერთიანება, „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.