1777408590
როგორ მოხდება დღეს საპატრიარქო კანდიდატების დასახელება - დეტალები
ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად? - დღევანდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღიც. მოგვიანებით სწორედ მათგან დასახელდება ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი.
წესდების თანახმად, ქვეყნის სამოციქულო ეკლესიამ 142-ე პატრიარქი 16 მაისამდე, გაფართოებულ კრებაზე უნდა აირჩიოს.
ცნობილია ისტორიული დღის ადგილიც - ეს სამების საკათედრო ტაძარი იქნება. პატრიარქის ინიციატივით აშენებულ ტაძარში, გაფართოებული სხდომის ფარგლებში, 2 000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ.
პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან სინოდის წევრების ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს.
სინოდის სხდომა დღეს, საპატრიარქოში, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
კანდიდატების შერჩევის შესახებ დამატებითი განმარტება გააკეთა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.
"საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევენ ფარული კენჭისყრით. ყველა მღვდელმთავარს შეუძლია, ხმა მისცეს იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა/გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს. ამ სხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს.
თუ ისე მოხდა, რომ მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებს თანაბარი ხმები დაუგროვდებათ, მოხდება დამატებითი ტურის ჩანიშვნა ამავე სხდომაზე და გაირკვევა, ვინ იქნება საპატრიარქო ტახტის მესამე კანდიდატი ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.










