როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

ჯვრის აყრა

როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის? - ამ კითხვას მღვდელი თეოდორე გიგნაძე პასუხობს.

,,ჯვრისწერა, ანუ ქორწინება ღვთის კურთხევაა იმ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იწყება მათი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. წმ. ეკლესიას უფლისგან მინიჭებული აქვს რა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, ქორწინების საიდუმლოებაში ერთ არსებად (სამარადისოდ) ადუღაბებს ორ პიროვნებას და უფლისმიერ მოითხოვს, რომ ღვთისაგან შეერთებულებს კაცნი ნუ განაშორებენ. ამიტომაც განქორწინება ღვთის საწინააღმდეგო და არაბუნებრივი ქმედებაა.

განქორწინება (ჯვრის აყრა) განსაკუთრებული ღვთისმსახურების გარეშე ხდება: ეპისკოპოსი ღვთისაგან მინიჭებული ძალაუფლებით, სიტყვიერად გახსნის ცოლ-ქმარს, რის შედეგადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხდებიან.

განქორწინება დიდი ცოდვაა და იგი ისეთ უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, შვილიერების უუნარობა (სექსუალური დარღვევები), ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახში უზნეობის დამკვიდრების სურვილი, ან მეუღლის იძულება არასწორ რელიგიურ ცხოვრებაზე, სადიზმი და მსგავსი არაჯანსაღი გამოვლინებები“, - განმარტავს მღვდელი თეოდორე გიგნაძე.