როდემდე ითოვებს თბილისში

თოვლიანი თბილისი

დედაქალაქში 20 იანვრამდე ითოვებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

„დედაქალაქში 18 იანვრიდან თოვს. 19 იანვრის დღის განმავლობაში თოვა თბილისის ყველა რაიონში იქნება შენარჩუნებული. ზოგიერთ რაიონში შესაძლოა თოვის ინტენსივობამ საღამომდე მოიმატოს. თოვა 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. დღის პირველი ნახევრიდან საქართველოში სინოპტიკური სიტუაცია იცვლება, იცვლება დედაქალაქშიც. უკვე 20-ში ქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 21 იანვარსაც შენარჩუნდება. უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი,“ - განმარტავს სინოპტიკოსი.