რა უნდა გავითვალისწინოთ იოგურტის შეძენამდე - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაცია

იოგურტი

ხშირია შემთხვევები, როცა გაუხსნელ და ვადიან იოგურტში ობი გვხვდება - როგორ აღწევს იქ და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქტის შეძენამდე? ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ინფორმაციას ავრცელებს.

„გაუხსნელი იოგურტის დაობება შიგნიდან — ანუ, როდესაც პროდუქტი შეფუთვით მთლიანია, მაგრამ გახსნისას ჩანს ობის ლაქები — რამდენიმე მიზეზით შეიძლება გამოწვეული იყოს. ეს უკვე მიუთითებს დაბინძურებაზე, ან ტექნოლოგიური პროცესის შეცდომაზე, ან შენახვის და ტრანსპორტირების პირობებზე 

ძირითადი მიზეზები:

 1. დაბინძურება წარმოების დროს

• ჰაერში არსებული ობის სპორები, რომლებიც პროდუქტის შეფუთვამდე მოხვდა იოგურტში (მაგ. უვნებელყოფამდე ან შევსების პროცესში).
• ცუდი ჰიგიენური პირობები: არასათანადოდ გასუფთავებული მოწყობილობები, კონტაქტი ზედაპირებთან ან დაუმუშავებელ ხელსაწყოებთან.
 

2. შეფუთვის მიკრობზარი ან დაზიანება

• თუ შეფუთვაზე თუნდაც მიკროსკოპული ბზარია, ჰაერი და მიკროორგანიზმები შიგნით აღწევს.
• ასეთი მიკროდაზიანება შეიძლება არც იყოს თვალსაჩინო, მაგრამ საკმარისია ობის განვითარებისთვის.
 

3. თერმული დამუშავების (პასტერიზაციის) ნაკლოვანება
• იოგურტის რძე ხშირად პასტერიზებულია, მაგრამ თუ ტემპერატურა/დრო არასაკმარისია, მიკრობები შეიძლება გადარჩნენ და გახსნის გარეშე განვითარდნენ.
 

4. ცივი ჯაჭვის (მაცივრული პირობების) დარღვევა

• ტრანსპორტირებისა ან შენახვის დროს ტემპერატურის მატება (მაგ. მაცივრის დაზიანება) ხელს უწყობს მიკროფლორის გააქტიურებას.
• ამას განსაკუთრებით ხშირად ვხედავთ მაღაზიებში ზაფხულში 

5. ვადაგასული ან არასათანადოდ შენახული ინგრედიენტები

• მაგალითად, თუ არომატიზატორი, ხილის პიურე ან რძე წინასწარ დაბინძურდა და უკვე ობის სპორები ჰქონდა.

 რას უნდა მიაქციო ყურადღება:• შეფუთვის მთლიანობა – არის თუ არა დეფორმაცია?• იოგურტის შენახვის პირობები – იყო თუ არა მუდმივად მაცივარში?• ვადა – ზოგჯერ ობს ვერც დაინახავ, მაგრამ სუნით ან გემოთი იგრძნობა.