რა საფრთხეს შეიცავს გაბზარული კვერცხი - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

კვერცხი

ცხელი საკვების მაცივარში მოთავსება და გაბზარული კვერცხის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა საუბრობს გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო.

მისი განმარტებით, მომზადებული კერძი ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს არ უნდა დარჩეს, თუმცა ასევე დაუშვებელია მისი პირდაპირ ცხლად მაცივარში მოთავსებაც. როგორც ჩაჩუა აღნიშნავს, ცხელი საკვების შეტანისას მაცივარში ტემპერატურა იმატებს, რაც არა მხოლოდ ტექნიკის დაზიანების რისკს ზრდის, არამედ იქ შენახულ სხვა პროდუქტებსაც საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტი რეკომენდაციას იძლევა, რომ საკვები მაცივარში მოთავსებამდე მაქსიმალურად სწრაფად გავაგრილოთ — მაგალითად, ჭურჭლის ცივ წყალში მოთავსებით ან სხვა მსგავსი მეთოდებით. მისი თქმით, ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანია როგორც საკვების უსაფრთხოებისთვის, ისე ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩაჩუა ასევე ამახვილებს ყურადღებას კვერცხის უსაფრთხო მოხმარებაზე და აღნიშნავს, რომ გაბზარული კვერცხის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. მისი განმარტებით, კვერცხს აქვს დამცავი გარსი, რომელიც პათოგენების შეღწევას აფერხებს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში ეს ბარიერი ირღვევა და ბაქტერიები მარტივად აღწევს შიგნით.

სპეციალისტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს სალმონელას ინფექციის რისკს, რომელიც ხშირად უკავშირდება კვერცხს. ამიტომ, მისი რეკომენდაციით, გაბზარული კვერცხის შეძენა და გამოყენება უნდა ავიცილოთ, რადგან იგი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ყოველდღიური ჩვევების გათვალისწინება მნიშვნელოვანია როგორც საკვების უსაფრთხოებისთვის, ისე სხვადასხვა ინფექციის პრევენციისთვის.