რა მოხდა ილია მეორის ინტრონიზაციის წინა ღამეს - ეკლესიის ისტორიკოსის მოგონება

ილია მეორე

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

ილია მეორე დღეს ბევრმა ადამიანმა გაიხსენა. პატრიარქზე ისაუბრა ეკლესიის ისტორიკოსმა ნუგზარ პაპუაშვილმაც, რომელიც გარკვეული წლები საპატრიარქოში მუშაობდა. მან ილია მეორის ინტრონიზაციის წინა ღამე გაიხსენა.

„როგორი იყო ჩემთვის პატრიარქის ინტრონიზაციის წინა ღამე, ანუ 24-25 დეკემბრის ღამე. მოხდა ისე, რომ მე მაშინ უნივერსიტეტის აქტივისტ სტუდენტად გამოვიკვეთე და პატრიარქის ძმამ, ვიქტორმა მომცა საშვები, და მომეცა საშუალება უნივერსიტეტიდან შემერჩია სტუდენტების, ახალგაზრდების ჯგუფი და მიმეცა მათთვის საშუალება დასწრებოდნენ ინტრონიზაციას. მათ შორის იყო შორენა თეთრუაშვილიც. ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი, ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც დიდი რამ ხდებოდა, ანუ ფერიცვალება იწყებოდა ეკლესიაში. მთელი ღამე არ დამეძინა ემოციებისგან და წარმოვიდგინე რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ ქართველი ახალგაზრდების სახელით მიმემართა პატრიარქისთვის. მაშინ არც კალამი მქონდა და ახლა ვდარდობ რატომ არ ჩავიწერე ის რაც ფიქრებში წარმოვიდგინე. ვფიქრობ, რომ ჩემი ორატორობის ზენიტი იყო. მეორე დღეს, ეს ჯგუფი რომ ჩავიყვანე, ჩემს თავს ვალმოხდილად ვთვლიდი ჭეშმარიტების და სამშობლოს წინაშე.

ის დღე რამდენიმე ბიჭმა აღვნიშნეთ  და წავედით რესტორანში. მოხდა ისე, რომ იმ ღამეს დაგვიჭირეს და პოლიციაში წაგვიყვანეს. არაფრის გამო, იმის გამო რომ სავალ ნაწილზე მივდიოდით. მეორე დღეს უნდა ჩამებარებინა ერთ-ერთ დაღესტნურ ენაში გამოცდა და ჯიბეში მედო ქაღალდზე დაწერილი ტექსტი, რომელიც მეორე დღეს უნდა მეთქვა ზეპირად გამოცდაზე. ცოტა ნასვამიც ვიყავი, კონტაქტშიც შევედი ამ პოლიციელებთან და ვუთარი რომ მე წყევლა მაქვს ჯიბეში მეთქი, და ამოვიღე და წავიკითხე  - იშ ქარხუზლა აღგ...ისეთი ინტონაციით, რომ მართლა წყევლას ჰგავდა. არადა ტექსტი იყო შემდეგი - ეს არის კოლმეურნეობის ბაღი, კოლმეურნეობის ბაღში ბევრი ხილია. ის ღამე იქ დაგვტოვეს. ასე რომ პატრიარქის მოსვლა დაკავშირებულია ჩემი ბიოგრაფიის ამ შთამბეჭდავ, მაგრამ კომიკურ ამბავთანაც“ - გაიხსენა ნუგზარ პაპუაშვილმა