1692302192
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მათემატიკის ერთობლივი სასწავლო პროგრამა ჭიათურაში. პროექტის მონაწილე 20-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცა.
შეხვედრა გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, რომელმაც მოსწავლეებს KIU-ს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი აკადემიური წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. კურსდამთავრებულებს მიესალმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე. მან პროგრამის შედეგები წარადგინა და ხაზი გაუსვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, მათემატიკის სასწავლო პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის განახორციელა. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა საგანმანათლებლო სივრცემ ახალგაზრდებს შესთავაზა მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები და პირდაპირი კავშირი წამყვან აკადემიურ წრეებთან.
სასწავლო პროცესს KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორები გიორგი ონიანი, თენგიზ ბოკელავაძე და კახა ჩუბინიძე უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდა. შეთანხმების მიხედვით, ძალაში რჩება მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, ასევე KIU გაააქტიურებს თანამშრომლობას ჭიათურის მ/ფ ცენტრის ფილიალთან - ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრთან.
ვიზიტისას შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.
აღნიშნული თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის მხარდაჭერას, რეგიონში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებას, პროფესიულ და არაფორმალურ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი წარმოადგენს გლობალური ონლაინსწავლების პლატფორმა Coursera-ს ოფიციალურ ლიცენზირებულ პარტნიორს, მისივე ბაზაზე დაფუძნებულ AI Nebula Hub-ის ფარგლებში.
შეთანხმების მიხედვით, KIU-ს სტუდენტები, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, Coursera-ს პროგრამებზე წვდომას ექსკლუზიურად, სრულად უფასოდ მიიღებენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, Nebula AI Hub-ში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის, მანქანური სწავლებისა და სხვა თანამედროვე დისციპლინებს.
შეხვედრის შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, აკადემიური, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორობა მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.