ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის პირველი მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის მედალი და ორი საპატიო სიგელი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ოლიმპიადის მონაწილეები არიან: ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი – ოქროს მედალი; ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი; ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი; ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი; ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე კაცია – საპატიო სიგელი; აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანი – საპატიო სიგელი.
გუნდის ლიდერია ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, თანალიდერი – ოლიმპიადის ყოფილი მონაწილე ლუკა მაჭარაშვილი, ხოლო ობზერვერი, Global Talent Fund-ის წარმომადგენელი ზურა აბრამიშვილი.
ტურნირი ორ ტურად ჩატარდა. 4.5 საათში მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ თითო ამოცანა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან. საქართველოს გუნდმა ჯამურად მე-5 ადგილი დაიკავა, რაც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი მიღწევაა. ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი გახლდათ წარმოდგენილი, ჯამში 138 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
„ოლიმპიადაზე ნაკრები გუნდის მონაწილეობის ინიციატორი იყო ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. გუნდი შეირჩა ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე. მოსწავლეებისა და გუნდის ლიდერს ოლიმპიადაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა, ასევე თანადამფინანსებელი იყო ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი.
მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები (IMO) 1959 წლიდან ტარდება, 1993 წლიდან მასში საქართველოც მონაწილეობს და საკმაო წარმატებითაც. ჯამურად 33 გამოსვლა – ექვსი ოქრო, 23 ვერცხლი და 83 ბრინჯაოს მედალი 59 საპატიო სიგელთან (Honorable mentions) ერთად“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.