რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღეს, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
დღეს მორწმუნეები წითლად ღებავენ კვერცხებს. მოქმედ ტაძრებში შესრულდება გარდამოხსნის წესი. სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.
"ვნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევს ვუწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი, ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს. საკუთარი თავი გაწირა ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ამ დღეს წირვებიც კი არ აღესრულება ტაძრებში, ხდება მხოლოდ სამეუფეო ჟამნობის კითხვა და ასევე გარდამოხსნა და გარდამოხსნასთან დატირება. 14:00 საათზე ველოდებით პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს და მოხდება გარდამოხსნის გამობრძანება საკურთხევლიდან, შუა ტაძარში დასვენება და შემდეგ დატირება. უმძიმესი დღე, ჩვენს სახარებიდან ვკითხულობთ, თუ რამხელა განცდა ჰქონდა უფალს, რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც, როდესაც მამაღმერთს ევედრება, რომ შეუნდე, არ იციან რას აკეთებენ. ეს ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, იცით მაცხოვართან ერთად, ორი ავაზაკი იყო ჯვარცმული, ერთი ლანძღვადა, ხოლო მეორემ სთხოვა, რომ მოეხსენებინა ცათა სასუფეველში და უფალმა უთხრა, რომ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველშიო. ესეც დიდი სიყვარულის გამოვლინებაა და ესეც ნუგეშია ადამიანებისთვის, თუკი მოინანიებენ, აუცილებლად შეძლებენ უფალთან ყოფნას," - ამბობს არქიმანდრიტი, მამა იოვანე (მჭედლიშვილი).