1782072928
„ონკოლოგიურ დაავადებას აღარ ვუყურებ, როგორც საშიშს... ალბათ, 10 წელიც და სრულად განკურნებადი გახდება...“ – ონკოლოგი ბესიკ სოკურაშვილი
რადიაციულმა ონკოლოგმა ბესიკ სოკურაშვილმა პოდკასტში „ოთარი ექიმი“ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ისაუბრა.
„რაც შეეხება სტადიას, ადრე სხივური თერაპიით დაავადებას მხოლოდ ორ შემთხვევაში ვებრძოდით: ან ადრეულ სტადიაზე, როდესაც რადიკალური მკურნალობის რეჟიმი იყო ან პალიატიურად – როდესაც მას ტკივილის მოხსნისა და სისხლდენის შეჩერების მიზნით ვიყენებდით. პალიატიური არის დამხმარე მკურნალობა სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა, დღეს ეს ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ სურათი სრულად შეიცვალა.
უნდა აღინიშნოს, სხივური თერაპია სხვა მიმართულებებთან შედარებით წინ იმიტომ წამოვიდა, რომ ის ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან. ადრე თუ გარკვეული ცვლილებები 5 ან 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა აპარატურა ყოველწლიურად ისე იხვეწება, იცვლება და ვითარდება, რომ მკურნალობის ეს მიმართულება უაღრესად ეფექტური გახდა. სწორედ ამიტომ, თუ ადრე მხოლოდ პალიატიურ (დამხმარე) და რადიკალურ მკურნალობას ვიყენებდით, ახლა მეოთხე სტადიაზეც კი შეგვიძლია რადიკალური მკურნალობის ჩარჩოებში დავრჩეთ...
მე აღარ ვუყურებ ონკოლოგიურ დაავადებას ისეთ საშიშ მოვლენად, როგორადაც ის ადრე აღიქმებოდა. მოსახლეობა ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, რადგან არ აქვს საშუალება, დეტალურად იცოდეს, რა ხდება ამ სფეროში. ახლახან ვიყავით სტოკჰოლმში კონფერენციაზე და ჩემს თანამშრომლებს ვეუბნებოდი: მგონი, სულ რაღაც 10 წელიც და ეს დაავადება სრულად განკურნებადი გახდება.“- ამბობს ბესიკ სოკურაშვილი პოდკასტში „ოთარი ექიმი“ .









