1692302192
„მზადება სიკვდილისთვის...“ - გელა ჩარკვიანის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ

9 ნოემბერი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა. პუბლიცისტის, მწერლისა და დიპლომატის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.
გარდაცვალებაზე ხშირად ფიქრობდა ბოლო დროს. ენატრებოდა გარდაცვლილი შვილი და მეუღლე... დაღლასა და მარტოსულობას უკვე იმჩნევდა.
"ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა იქნება ჩემი სულ ბოლო აზრი, ხატი, ბგერა, მელოდია, ადამიანის სახე, სახელი (იქნებ ცხოველის), მოკლედ, აი, ის უკანასკნელი გაელვება, რის შემდეგაც სრული სიჩუმეა. ნეტავ რაზე იფიქრა ნანამ, რამ გაიელვა მის გონებაში. მე ხომ შევესწარი მის სიკვდილს. გვერდით ვეჯექი. ვწუხვარ, რომ ჩემს ბოლო აზრს ვერ გაგიზიარებთ. ვერ დავაშეარებ“ - ნაწყვეტი "ნაგერალადან".
ხშირად ვეხმიანებოდი. პატარა სატელეფონო ინტერვიუები გვქონდა... განწყობას მიზიარებდა.
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ბოლო ორი წელი, ის, სიკვდილს ელოდებოდა…
"პრაიმტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუს თარიღი - 2020-07-08
უქმად პანდემიის დროსაც არ ყოფილა, რიგით მეათე წიგნი დაწერა – “English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”.
ახლა ამბობს, რომ პასიურ მდგომარეობაშია, ძირითადად წევს, თუმცა მაინც საქმიანობს, პირად არქივს აწესრიგებს. როგორც ამბობს, ჩემოდნებს ალაგებს, "დიდი მოგზაურობის" მოლოდინში…
ბოლო პერიოდის ინტერვიუებში სიკვდილზე საუბრობს. სოციალურ ქსელში ხშირად წერს ნანასა და ირაკლიზე. ცოლ-შვილის მონატრებას რომ ვერ უმკლავდება, ფიქრებს სიტყვებად აქცევს ხოლმე…
გელა ჩარკვიანი: – არ ვარ მაინცდამაინც კარგად, უმეტესად ვწევარ. ძალიან ცუდადაც არ ვგრძნობ თავს, თუმცა არაფრის კეთება არ მინდა. პასიურ მდგომარეობაში ვარ. თან ცხელა… თუ სექტემბრისთვის გამოვუმჯობესდი, გავაქტიურდები.
ფიზიკურად ვარ ცუდად. 82 წლის ვარ, კაცო. არაფრის თავი არ მაქვს. არც ინტერვიუ მიმიცია, არც არსად გამოვჩენილვარ.
პანდემიით გამოწვეული დეპრესია მაქვს. ჩემ დღიურებს გადავხედე და 2019 წელი ისეთი აქტიური მქონდა… 2020 წლის პირველი თვის შემდეგ ნელ-ნელა წყდება ყველაფერი.
მოკლედ, მძიმედ ვარ… ვერც ვწერ, ვერც ვუკრავ. სურვილი არ მაქვს. მთელი ცხოვრება, ყოველდღე ერთ საათს მაინც ვუკრავდი ფორტეპიანოზე. აღარ ვუკრავ. არც მახსოვს, ოდესმე თუ ვუკრავდი. დეპრესიაც ხომ სურვილების დეფიციტია. არაფერი აღარ გინდა.
პირველად ვარ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში. 82 წლის რომ ხარ, წინ რა გაქვს? არაფერი… გარდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტისა. თუმცა ამ მომენტის დადგომა შენზე არ არის დამოკიდებული.
დიდი არქივი მაქვს და ვახარისხებ წერილებს, ბარათებს… ძნელია, არ იცი, რა დატოვო, რა გადააგდო. არის ისეთი რაღაც, რაც საინტერესოა. შეიძლება რაღაც დატოვო, მაგრამ შენი შთამომავლები მაინც გადააგდებენ, ეს რა დაუტოვებია, რაში სჭირდებოდაო, თქვან.
ჩემი ბიოგრაფია ჩვეულებრივი არ იყო. დავიბადე პირველი პირის ოჯახში. განსხვავებული ბავშვობა მქონდა. ყველაფერი გამოვიარე, იყო სიძნელეც, ყველანაირი ცხოვრება ვნახე. მეგონა, ყველაფერი მქონდა ნანახი, ომიც, რევოლუციაც, თანამდებობაც… მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა, ჟამიანობის პერიოდში თუ მომიხდებოდა ცხოვრება.
მოკლედ, ჩემოდნებს ვალაგებ. როგორ გგონიათ, რისთვის ალაგებს 82 წლის კაცი ჩემოდნებს? (იცინის)
ჩემოდნების ჩალაგება უნდა დაიწყო და როდის მოგდგება, სხვა ამბავია. ჩალაგებული უნდა გქონდეს, აღსასრულს მოუმზადებელი არ უნდა დახვდე. რომელიღაც წიგნში მიწერია: ლონდონში ელჩობა რომ დავასრულე და ჩამოვედი, ხელფასიდან დარჩენილი ფული ქართულ ბანკში გადმოვრიცხე. მახსოვს, აქ, ბანკში, ქალბატონს ვკითხე, მე რომ მოვკვდე, ამ ფულის აღებას ჩემი შვილიშვილები შეძლებენ-მეთქი (ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც)? თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვინც ამას კითხულობსო. რატომ-მეთქი, ვკითხე. ქართველებს არ სჯერათ, რომ მოკვდებიან და ამიტომო (იცინის).
ვინც რაციონალურია და სიკვდილის შიში არ აქვს, მან იცის, რომ დრო მოდის. სტატისტიკა ხომ არსებობს, ხომ ვიცით, ამის ასაკში რომ ვართ. მამაჩემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედაჩემი – 78 წლის. გენეტიკას ამ შემთხვევაში პირდაპირი როლი არ აქვს. შეიძლება ბაბუის ბაბუას დაემსგავსო. ჩარკვიანები, ბაბუა ნესტორი, მისი ძმები, ყველანი 80-ის შემდეგ წავიდნენ.
მოკლედ, 80-ს რომ მიაღწევ, ყველაფრის მადლობელი უნდა იყო. ესე იგი, ფაქტობრივად, ყველაფერი მოასწარი. მერე რაღა უნდა მოასწრო? კი, მართალია, ახლახან გამოვიდა ჩემი წიგნი, მაგრამ თვითონაც ხომ იცი, წინ პერსპექტივა რომ აღარ გაქვს.
- მაინც რა ჰქვია 80 წლის ზევით ადამიანის ცხოვრებას?
– არ იქნება სასიამოვნო გასაგონი, მაგრამ გეტყვით – მზადება სიკვდილისთვის. ეგ არის. შენ ემზადები! ჩემოდნების ჩალაგებაც ამასთან არის დაკავშირებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია..." - ბესიკ ხარანაული დღევანდელ მოვლენას ეხმიანება
„თუ ბავშვი ჯიუტია, აი, რა უნდა გააკეთოთ...“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს